ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდის გამო, ენერგოომბუდსმენი თბილისის მოსახლეობისთვის სოციალურ პაკეტებზე მუშაობის საკითხს აყენებს

ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდის გამო, ენერგოომბუდსმენი თბილისის მოსახლეობისთვის სოციალურ პაკეტებზე მუშაობის საკითხს აყენებს.

როგორც სალომე ვარდიაშვილმა ჟურნალისტებს სემეკის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა, აბონენტებისთვის ტარიფის ზრდა მომხმარებლების მატერიალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

„საფუძვლიანი მოთხოვნა გახლავთ და მოსალოდნელიც იყო, ფაქტობრივად 2019 წლიდან დაგროვილი ზარალი ვეღარ უძლებდა შესაბამის ხარჯიანობას, ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ „თბილისი ენერჯი“ სატარიფო კორექტირების მოთხოვნით მიმართავდა მარეგულირებელ კომისიას. შევამოწმეთ სამართლებრივი საფუძვლები და ყველა ის ნორმატიული აქტი, რომელიც სატარიფო საქმის წარმოების პროცესში გამოიყენა მარეგულირებელმა კომისიამ. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ დადგენილ დრომდე წარმოედგინათ მოსაზრებები აღნიშნულთან დაკავშირებით. წარმოდგენილი იყო ზუსტი ციფრები და ზუსტი დაანგარიშება, რასაც ვერ გავექცეოდით. 2019 წლიდან მიმდინარე პერიოდამდე, კომპანიისთვის ზარალმა დაახლოებით, 23 მილიონი ლარი შეადგინა. საგულისხმო იყო, რომ ის შესასყიდ ფასს იხდიდა იმ კურსში, რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობდა, ამიტომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება და ტარიფის კორექტირება არის საფუძვლიანი. ნებისმიერი ცვლილება, ტარიფის მატებასთან დაკავშირებით აისახება უარყოფითად მომხმარებლების მატერიალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შესაბამისად, სოციალურ პაკეტებზე მუშაობა, ალბათ, გარდაუვალი იქნება ცივი პერიოდის დადგომისთანავე“, - განაცხადა ვარდიაშვილმა.

ცნობისთვის, 1-ელი ივნისიდან დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს, რომელიც ბუნებრივ აირს „თბილისი ენერჯიდან“ იღებს, ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი დაახლოებით, 8 თეთრით ეზრდება.

ტარიფი 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.