„თუ ამ ნაბიჯებს გადავდგამთ და განვავითარებთ ეკონომიკის სხვა მიმართულებებს, 2-3 წელი სავსებით საკმარისია, რომ გავაუმჯობესოთ კიდეც 2019 წლის როგორც უმუშევრობის, ისე ეკონომიკურ კონტექსტში ყველა მაჩვენებელი“,- ამის შესახებ ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე განაცხადა.
ცნობისთვის, საქართველო უმუშევრობის დონით მსოფლიოს ტოპ-10 ქვეყანას შორის მოხვდა.
„მე ვფიქრობ 2-3 წელი სავსებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ. უბრალოდ, ეს თავისით არ მოხდება. თუ ჩვენ 2-3 წლის განმავლობაში ვაქცინაციას (მათ შორის, მსოფლიოში ჩვენი პარტნიორი ქვეყნები) წარმატებულად მოვახდენთ, ამასთან, გადავდგამთ სწორ ნაბიჯებს, ეს მიღწევადია. მაგალითად, აქამდე ჩვენი ეკონომიკა დიდწილად ტურიზმზე იყო დამოკიდებული, პანდემიამ დაგვანახა, რომ ტურიზმიდან სხვა დარგებზეც უნდა გადავერთოთ პარალელურად. თუ ამ ნაბიჯებს გადავდგამთ და განვავითარებთ ეკონომიკის სხვა მიმართულებებს, 2-3 წელი სავსებით საკმარისია, რომ გავაუმჯობესოთ კიდეც 2019 წლის როგორც უმუშევრობის, ისე ეკონომიკურ კონტექსტში ყველა მაჩვენებელი.
მაგრამ ამას სჭირდება მუშაობა, თავისით არაფერი მოვა. არც საზოგადოების მხრიდან მართებს ამ ყველაფერს მოდუნება, არც მთავრობის მხრიდან და არც ბიზნესის. ყველა მხრივ უნდა ვიყოთ აქტიურები და მოტივირებულები, რომ გადავლახოთ ეს სირთულეები“,- განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.