#BetterWithPepsi -ის კამპანიის ფარგლებში ამერიკელ მომხმარებლებს გაზიანი სასმელების ხარჯი აუნაზღაურდებათ

ბურგერების ნაციონალურ დღესთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ში ყოველწლიურად 28 მაისს იმართება, Pepsi-მ სარეკლამო კამპანია #BetterWithPepsi ჩაუშვა. მასში Pepsi ერთგვარად ტროლავს სწრაფი კვების 3 ცნობილ ქსელს - McDonald’s-ს, Wendy’s-ს და Burger King-ს, რომლებიც თავის მომხმარებლებს სასმელად მხოლოდ Coca-Cola-ს სთავაზობენ.

სარეკლამო კამპანია #BetterWithPepsi -ში ამ 3 მსხვილ ბრენდზე მიმანიშნებელი ვიზუალური ელემენტებია გამოყენებული: სარეკლამო ფოტოებზე ასახულია მასხარა, მეფე და გოგონა ბრენდების საფირმო ფერების სამოსში, რომლებსაც ხელში Pepsi-ის სასმელები და ბურგერები უჭირავთ. კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს გაზიანი სასმელის ხარჯი აუნაზღაურდებათ, თუკი 28 მაისს Twitter-ზე, Instagram-ზე ან Facebook-ზე Pepsi-ითა და ბურგერით ხელში თავიანთ ფოტოებს გამოფენენ. არის მეორე საშუალებაც: Instagram-ზე ან Facebook-ზე დააკლიკონ #BetterWithPepsi-ის რეკლამაზე და ჩეკის გადამოწმების შემდეგ მომხმარებელი 3,49 დოლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებს.

ბურგერის დღესთან დაკავშირებით Pepsi-მ, ასევე, მომხმარებელთა არჩევანის შესახებ ბრმა ტესტირება და კვლევა ჩაატარა. ექსპერიმენტის მონაწილეებს სწრაფი კვების პროდუქტებზე დასაყოლებლად Pepsi-ისა და Coca-Cola-ს სასმელებს სთავაზობდნენ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ორი ბრენდიდან მომხმარებელი Pepsi-ის უპირატესობაზე იმ მხრივ მიანიშნებდა, რომ ის განსაკუთრებით ხორცისა და ყველის ბურგერის გემოს აძლიერებს.

Pepsi-ის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი ტოდ კაპლანი აცხადებს, რომ მომხმარებლები ათწლეულების მანძილზე მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას, გემოს ოპტიმალური კომბინაციით დამტკბარიყვნენ, ამიტომ კომპანიამ მათ ამის საშუალება მისცა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ