"ბლუმბერგი": 2008 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებაში მთავარი ეჭვმიტანილი რუსეთია

2008 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებაში მთავარი ეჭვმიტანილი რუსეთია.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ბლუმბერგი" აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან მიღებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. "ბლუმბერგის" ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვა ამ დასკვნამდე რამდენიმე ადამიანის ჩვენებასა და საკუთარ დასკვნებზე დაყრდნობით მივიდა.

როგორც "ბლუმბერგის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, აფეთქებიდან რამდენიმე დღეში რუსეთი საქართველოს დაესხა თავს, მანამდე კი ერთ-ერთ გაზეთში გამოჩნდა რუსეთის პარლამენტის მაშინდელი მრჩევლის, ალექსანდე დუგინის განცხადება, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი "მოკვდა". "ბლუმბერგის" ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ აფეთქებისას მთავარი იარაღი კლავიატურა იყო. ამერიკულმა სააგენტომ საკუთარ გამოძიებაზე დაყრნობით დაადგინა, რომ რუსული სპეცსამსახურების ჰაკერებმა სისტემაზე წვდომა სათვალთვალო კამერებიდან მიიღეს. შიდა ქსელში შეღწევის შედეგად მათ გათიშეს სიგნალიზაცია, მილებში წნევა აწიეს, რამაც აფეთქება გამოიწვია.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე აფეთქება 2008 წლის 5 აგვისტოს მოხდა. აფეთქების შედეგად 30 ათასზე მეტი ბარელი ნავთობი დაიღვარა. აფეთქების შედეგად ნავთობის ტრანსპორტირება ორი თვით შეჩერდა. იმ პერიოდში მომხდარზე პასუხისმგებლობა "ქურთების მუშათა პარტიამ" აიღო. "ბლუმბერგის" ცნობით, "ქურთების მუშათა პარტიას" რუსული სპეცსამსახურები აფინანსებდნენ.