ამერიკული კომპანიებისთვის სავალდებულო ხდება, კიბერშეტევის შესახებ მთავრობას დაუყოვნებლივ აცნობონ

ამერიკის მილსადენების სფეროში მომუშავე კომპანიებს თეთრი სახლის ადმინისტრაცია ახალ რეგულაციებს დაუწესებს. ახალი დირექტივის მიხედვით, თუკი ეს კომპანიები კიბერუსაფრთხოების დარღვევის ინციდენტზე მთავრობას 12 საათის განმავლობაში არ აცნობებენ, ისინი დაჯარიმდებიან. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა შეატყობინეს, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ მოისურვეს.

ახალ რეგულაციას მალე ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაცია გამოაქვეყნებს. გარდა ამისა, მთავრობა მილსადენზე მომუშავე კომპანიებისგან მოითხოვს, დააწესონ კიბერუსაფრთხოების კოორდინატორის შტატი, რომელიც შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ინფრასტრუქტურისა და კიბერუსაფრთხოების სააგენტოსთან (CISA) ითანამშრომლებს და ინციდენტებზე ინფორმაციას მიაწვდის.

ასეთი ზომები კომპანიებისთვის პირველი შემთხვევაა, რაც საწვავის მილსადენის უმსხვილეს სისტემა Colonial Pipeline-ზე ჰაკერული თავდასხმის შემდეგ გახდა აუცილებელი. თვის დასაწყისში ჰაკერებმა კომპანია Colonial Pipeline-ის კომპიუტერული ქსელი „მძევლად აიყვანეს“ და ციფრულ ვალუტაში მილიონობით დოლარის გამოსასყიდი წარმატებით მიიღეს. მილსადენის მუშაობა რამდენიმე დღის განმავლობაში შეჩერდა, რამაც აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე საწვავის მიწოდების შეფერხება, ფასების ზრდა და მძღოლების პანიკა გამოიწვია.

The Washington Post პირველი იყო, ვინც ამ კვირის დასაწყისში ახალი სამთავრობო დირექტივის შესახებ წერდა. მისი შეფასებით, Colonial Pipeline-ის ინციდენტმა ეროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოება პირველ ადგილზე დააყენა.

მანამდე აშშ-ს მთავრობა ტრადიციულად კერძო სექტორის იმედზე იყო, რომ კიბერშეტევაზე ინფორმაციას მიაწვდიდა, მაგრამ ახლა ეს უკვე სავალდებულო ხდება. მსგავსი მანდატის კოორდინატორთა შტატი განიხილება, როგორც პოტენციური მოდელი და შესაძლოა, სხვა დარგის კომპანიებშიც შემოიღონ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ