„ადამიანებს ხელი აქვთ ჩაქნეული და იმედი დაკარგული, რომ სამუშაო  ადგილს მოძებნიან“

„ადამიანებს ხელი აქვთ ჩაქნეული და იმედი დაკარგული, რომ სამუშაო ადგილს მოძებნიან“, - ამის შესახებ “აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ რადიო პალიტრისა და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში შემცირებულია დასაქმებულთა რაოდენობა, კლებადია სამსახურის მაძიებელთა მაჩვენებელიც, რაც სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

ცნობისთვის, საქართველო უმუშევრობის დონით მსოფლიოს ტოპ-10 ქვეყანას შორის მოხვდა.

„პრობლემა არის არა მხოლოდ ის, რომ დასაქმებულების რაოდენობა 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 133 ათასი ადამიანით არის შემცირებული (აქედან 110 ათას ადამიანამდე დაქირავებით დასაქმებული იყო), არამედ ის, რომ მნიშვნელოვნად შემცირებულია სამუშაო ძალაში მონაწილეობის დონეც. ანუ, რამდენად აქტიურად ეძებენ სამუშაო ადგილს ადამიანები, აქაც მნიშვნელოვანი კლება გვაქვს, რაც გრძელვადიანად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ქვეყანაში. იმიტომ, რომ რეალურად, ადამიანებს ხელი აქვთ ჩაქნეული და იმედი დაკარგული, რომ სამუშაო ადგილს მოძებნიან.

რაც შეეხება უცხოეთში დროებითი დასაქმების პროგრამას, რასაც ვხედავთ, მისი მასშტაბები არის ძალიან მცირე. მეორე საკითხი, რაც ამ პროგრამებს უკავშირდება და ბევრ კითხვებს აჩენს, არის - ეს ადამიანები რამდენად ახერხებენ იმ უნარების შეძენას, რომლის გამოყენებასაც შემდეგ საქართველოში შეძლებენ, რომ ადგილობრივად გაზარდონ საკუთარი პროდუქტიულობა. იმიტომ, რომ ეს პროგრამები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება რაიმე მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო ადამიანებისთვის. ეს უფრო წარმომიდგენია რაღაც უნარების, გამოცდილების შეძენის მეთოდი, რომლითაც შემდეგ საქართველოში შესაძლებელი იქნება პროდუქტიულობის გაზრდა.

რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება ამ სიტუაციიდან გამოსავალი, ამ შემთხვევაში, ორი ძალიან ფართო რეცეპტი წარმომიდგენია, რომ არსებობს. პირველი, აუცილებელია, რაც შეიძლება მალე მოხდეს ეკონომიკური საქმიანობის აღდგენა, სხვა შემთხვევაში, სამუშაო ადგილებიც არ აღდგება. ამ მხრივ განსაკუთრებით რთულ სიტუაციაშია მცირე და საშუალო ბიზნესი... და მეორე არის შრომის ბაზარზე არსებული რეგულაციების საკითხი. ვხედავთ, რომ პანდემიაა, 130 ათასი ადამიანი სამსახურს კარგავს, ასობით ათასი ადამიანი არც კი ეძებს სამსახურს და ამ დროს, ჩვენ სახელმწიფოს აქცენტი აქვს იმაზე, რომ ფირმებმა აღრიცხონ ნამდვილად 8 საათი მუშაობს ადამიანი თუ - 9. დამატებით რეგულაციებს ვიღებთ და ზოგჯერ კომიკურ კონტროლამდე არის ეს დასული. დამატებით წნეხს ვუწესებთ ბიზნესებს, რომლებმაც გვინდა, რომ სამუშაო ადგილები შექმნან. ამიტომ, ახლა, როდესაც განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა, შრომის ბაზარზე მაქსიმალურად უნდა შენელდეს ახალი, დამატებითი რეგულაციების დაწესება ბიზნესისთვის“,- განაცხადა გიორგი პაპავამ.

ნინი ქეთელაური