ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახლად არჩეულ წევრებს შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაცით, სახელმწიფო საწარმოს ახალი საბჭო საქართველოში სახელმწიფო საწარმოების მასშტაბური რეფორმის ფარგლებში აირჩა.
მათივე ცნობით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წარმოადგენენ: იორგ მათიესი, თეონა მაკალათია, ეკატერინე შავგულიძე.
შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ პირველი სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოა, რომელიც რეფორმირებას დაექვემდებარა. მისი თქმით, კორპორაციული მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომპანიაში დაიწყო კორპორატიზაციის პროცესი. მათ შორის, ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო ღია კონკურსის წესით გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეირჩა და მთლიანად არააღმასრულებელი წევრებით დაკომპლექტდა, რაც საბჭოს დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
ნათია თურნავამ მიულოცა სახელმწიფო საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს საპასუხისმგებლო პოზიციებზე არჩევა და „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სისტემაში რეფორმის შემდგომი ეტაპების განხორციელების პროცესში წარმატება უსურვა.
„სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ სამეთვალყურეო საბჭო საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩამოყალიბდა. საბჭოს წევრებად მაღალი რანგის პროფესიონალები ხანგრძლივი შერჩევის შედეგად შეირჩნენ. ისინი დაეხმარებიან კომპანიას, მის მენეჯმენტს იმაში, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ჩამოყალიბდეს საუკეთესო კორპორატიული სტანდარტების მიხედვით და უფრო ეფექტურად იმართებოდეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მთავარი ამოცანაა, ძლიერი და დამოუკიდებელი მართვის სისტემის შექმნა. მისი თქმით, რეფორმირების შემდეგ, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ სახელმწიფოს დახმარების გარეშე უნდა შეძლოს ფინანსური რესურსის მოზიდვა, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ საფინანსო ბაზრებზე. მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, კერძოდ, კომპანიამ სრულად დაფარა კრედიტორების წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებები და რეაბილიტაციის რეჟიმი 2023 წლის ნაცვლად, 2021 წელს დაასრულა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, კონკურსში, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულ სახელმწიფო საწარმოში სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შერჩევის მიზნით 2021 წლის 2 მარტს გამოაცხადა, მონაწილეობა 174 კანდიდატმა მიიღო. შედეგად, შეირჩა სამეთვალყურეო საბჭოს 5 წევრი.
„უახლოეს მომავალში სააქციო საზოგადოებაში შეიქმნება ანაზღაურების, აუდიტის, დანიშვნების, ინვესტიციებისა და რისკების კომიტეტები, რომლებიც საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებების შესაბამისად იმუშავებენ. სამეთვალყურეო საბჭო ასევე დაამტკიცებს სხვადასხვა პოლიტიკებსა და განახლებულ ეთიკის კოდექსს, რაც კომპანიის შემდგომი განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კომპეტენციაში შედის კორპორაციული სტრატეგიის და წლიური ბიზნესგეგმის შემუშავება, ბიუჯეტის მონიტორინგი. ასევე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და კომპანიის აღმასრულებელ პოზიციებზე კანდიდატების შერჩევა, დანიშვნა, გათავისუფლება და სახელფასო პოლიტიკის შემუშავება”,- აღნიშნავენ უწყებაში.