დღეს "ბადაგონის" ახალი ცქრიალა ღვინოების პრეზენტაცია გაიმართება

13 დეკემბერს "ბადაგონის" ახალი ცქრიალა ღვინოების - "ბრუტისა" და "როზეს" პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ბადაგონის" მთავარ საწარმოში ახალი, სუპერთანამედროვე ტექნოლოგიური ხაზი გაიხსნება, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპაში ანალოგი არ აქვს.

ლიზა ბაგრატიონი, კომპანია "ბადაგონის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი: ”გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოდის სპეციალური დელეგაცია. "ბადაგონის" ახალი ტექნოლოგიური ხაზი ნამდვილად ყველამ უნდა დაათვალიეროს, რადგან არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ სანახაობრივადაც ძალიან შთამბეჭდავია. ჩემმა მეგობრებმა 22-ე საუკუნის ტექნოლოგია უწოდეს და მართლაც ასეა, დასაქმდება კიდევ უფრო მეტი ადამიანი”.

"ბადაგონმა" წელს შეიძინა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურით აამუშავა კიდევ ერთი გაჩერებული საწარმო მანავში. ბოლო 2 წლის განმავლობაში კომპანიამ 6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. "ბადაგონის" საკუთრებში არსებული 300 ჰექტარი ფართობის ვენახების გარდა, კომპანიამ დამატებით იჯარით აღებული 140 ჰექტარი დაამუშავა.

წლევანდელ სეზონზე ბადაგონმა მიიღო უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ყურძენი. ქარხანაში 6500 ტონა ნედლეული დამუშავდა, მსოფლიოს 18 ქვეყანაში კი 3,5 მილიონზე მეტი ბოთლი გადატვირთა საექსპორტოდ.