რას ყიდის და ყიდულობს საქართველო ბელარუსში

ევროკავშირმა Ryanair-ის ინციდენტთან დაკავშირებით ბელარუსს შესაძლოა, სანქციები დაუწესოს. სანქციები შეიძლება შეეხოს კალიუმის (სასუქის) და ნავთობის ექსპორტს, ასევე ფინანსურ სექტორს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა მოცულობის სასუქს ყიდულობს საქართველო ბელარუსში. საქსტატის მონაცემებით, წელს 4 თვეში საქართველომ 188,0 ათასი დოლარის ღირებულების სასუქი იყიდა, 265,5 ათასი დოლარის კი ნავთობი და ნავთობპროდუქტები.

რაც შეეხება ზოგადად ვაჭრობას, საქსტატის ცნობით, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველო-ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. თუ წელს 4 თვეში ბრუნვის მოცულობა იყო 27,197 მლნ დოლარი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ორმა ქვეყანამ 24,655 მლნ დოლარის პროდუქციით ივაჭრეს.

რაც შეეხება კონკრეტულად ექსპორტს და იმპორტს, აქ ფაქტობრივად, ბალანსი დაცულია, კერძოდ, წელს 4 თვეში ბელარუსში 13,369 მლნ დოლარის პროდუქცია ვიყიდეთ, ექსპორტიდან შემოსავალმა კი 13,827 მლნ დოლარი შეადგინა.

ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველო ბელარუსში მინერალურ და მტკნარ წყლებს ყიდის, იქ კი ყიდულობს რძეს და რძის პროდუქტებს.

Top-5 პროდუქტი, რასაც ბელარუსში ვყიდით: (2021 წლის იანვარ-აპრილი)

  • მინერალური და მტკნარი წყლები - 1,918 მლნ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 1,831 მლნ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 1,675 მლნ დოლარი
  • ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 1,160 მლნ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1,006 მლნ დოლარი

Top-5 პროდუქტი, რასაც ბელარუსში ვყიდულობთ: (2021 წლის იანვარ-აპრილი)

  • რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით - 2,016 მლნ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80% ან მეტი - 2,009 მლნ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები, დაფასოებული - 1,061 მლნ დოლარი
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 791.2 ათასი დოლარი
  • ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები - 403,7 ათასი დოლარი