რატომ ვერ უზრუნველყოფს „თელასი“ საკუთარი ვალდებულებების შესრულებას?

მედიაჰოლდინგი “პალიტრა მედია” გაფართოებას გეგმავს.

“პალიტრა მედიაში” სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. ჰოლდინგის შენობას მეხუთე სართული დაემატა, სადაც “პალიტრაTV” და ახალი სატელევიზიო სტუდიები უნდა განთავსდეს. ამ დროისთვის მედიაჰოლდინგის შენობის მეხუთე სართულზე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია, თუმცა, იმის გამო, რომ შენობას შესაბამისი სიმძლავრის ელექტროენერგია არ მიეწოდება, მედიაკომპანიების გადასვლა ახალ სამუშაო პირობებში ფერხდება. ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც შენობას ახალი სართული დაემატა. ელექტრომომარაგების სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნით,  “პალიტრა მედიამ” “თელასს” განცხადებით ჯერ კიდევ სექტემბერში მიმართა.

როგორც “პალიტრა მედიის” წარმომადგენელი ნიკოლოზ სიფრაშვილი აცხადებს, “თელასმა” პროექტი მოამზადა და გამოაცხადა ტენდერი - ფასთა ღია გამოკითხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე. თუმცა, ამ დრომდე ვერ ხერხდება კომპანიის გამოვლენა, რომელიც ქვესადგურიდან შენობამდე ახალი სიმძლავრის ელექტრომომარაგების სისტემას მიიყვანს.

“სექტემბრიდან ველოდებით ამ ტენდერის ჩატარებას. ორი ტენდერი ჩაატარეს და აქამდე ჯერ კიდევ ვერ გამოავლინეს ის კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს შეასრულებს. ფაქტია, პროცესი დროში იწელება. მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ დაიწყოს სამუშაოები - თუ “თელასი” ტენდერის მეშვეობით ვერ ახერხებს კომპანიის გამოვლენას, საკუთარი ძალებით უზრუნველყოს ჩვენი შენობისთვის შესაბამისი სიმძლავრის ელექტროენერგიის მიწოდება. ვიმეორებ - მიუხედავად იმისა, რომ “თელასის” შესაბამისმა სამსახურმა უკვე რამდენიმე თვეა შეადგინა პროექტი, მოამზადა ტექნიკური პირობა, სამუშაოები დღემდე არ არის დაწყებული. ამის გამო ფერხდება რიგი მედიასაშუალებების მეხუთე სართულზე გადასვლა. ჩვენ ბიზნესორგანიზაცია ვართ და არ შეგვიძლია უსასრულოდ ლოდინი”, - აცხადებს ნიკოლოზ სიფრაშვილი.

“თელასის” გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ჩიხრაძე აცხადებს, რომ ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა. მისი განმარტებით, ორ შემთხვევაში ტენდერი იმის გამო ჩაიშალა, რომ მონაწილე კომპანიებმა “თელასს” შესასრულებელი სამუშაოსთვის არარეალურად მაღალი ფასი შესთავაზეს. “თელასმა” ტენდერი უკვე მესამედ, 9 დეკემბერს გამოაცხადა. “ტენდერში მონაწილე კომპანიებს შემოაქვთ ძალიან მაღალი ფასი. რამდენიმე ლოტი იყო, ყველა ჩაიშალა. საკმაოდ დიდი ფასი შემოგვთავაზეს, არარეალური და არამიზანშეწონილი. 16 დეკემბერს მთავრდება ეს კონკრეტული პროექტი და ვნახოთ, თუ მსგავსი შემთხვევა განმეორდება, ალბათ გადაწყვეტილებას მივიღებთ და სამუშაოს ჩვენი ძალებით შევასრულებთ”, - აცხადებს ჩიხრაძე.

P.S. თუმცა მაინც გაუგებარია, რატომ იყო აუცილებელი მრავალჯერ „უიმედო“ ტენდერის გამოცხადება და რატომ არ უზრუნველყოფს თელასი დამკვეთისთვის შესაბამისი სერვისის დროულად მიწოდებას.