Reuters-მა ფასიანი ვებ-გვერდის ჩაშვება გადადო

საინფორმაციო სააგენტო Reuters News-ის ვებ-გვერდი ფასიანი ჯერჯერობით არ იქნება, რადგან სააგენტომ ფინანსური მონაცემების მიმწოდებელ კომპანია Refinitiv-თან შეთანხმებას ვერ მიაღწია. ინფორმაციას სააგენტო თავად ავრცელებს. დავის საგანია, დაარღვევს თუ არა ფასიანი სერვისი ინფორმაციების მიწოდებაზე დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც ორ კომპანიას შორის მოქმედებს.

Reuters News, რომელიც კორპორაცია Thomson Reuters-ის განყოფილებაა, 1-ლი ივნისიდან თავისი ვებ-გვერდ Reuters.com-ის გამოყენებაზე ფასის დადებას გეგმავდა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდემდე გადაიდო ეს საკითხი. თანამშრომლების გუშინ გამართულ შეკრებაზე Reuters-ის მთავარმა რედაქტორმა ალესანდრა გალონიმ დაადასტურა, რომ საინფორმაციო სააგენტომ ფასიანი წვდომის სერვისის ჩაშვება გადადო. ასევე, გადაიდო ვებ-გვერდზე იურიდიული ახალი ამბების განყოფილების შექმნა.

„ჩვენ ისევ ვმუშაობთ იმაზე, რომ Reuters.com გამოწერის სერვისზე გადავრთოთ. Refinitiv-თან განხილვის თემას წარმოადგენდა, თუ როგორია ჩვენი მიდგომა ბიზნესის წარმოებისა და პროდუქციის მიმართ და როგორ უნდა გავაუმჯობესოთ წინადადებები ყველა ჩვენი კლიენტისთვის,“ - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

London Stock Exchange Group (LSEG), რომელიც Refinitiv-ის მშობელი კომპანიაა, აცხადებს, რომ საკითხის განხილვა გრძელდება.

„ჩვენი პარტნიორობის საფუძველი მტკიცეა და მუშაობას ერთად განვაგრძობთ, რათა ყველა ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ,“ - ნათქვამია LSEG-ის განცხადებაში.

საკითხის გადავადება Reuters-ის გეგმებისთვის წარუმატებლობაა, რადგან სააგენტო ცდილობს, შემოსავლის ახალი წყარო გაიჩინოს.

Refinitiv-ის წილი სააგენტოს შემოსავლების თითქმის ნახევარს შეადგენს, დანარჩენ შემოსავალს კი Reuters თავისი მედია-ოპერაციებითა და ღონისძიებათა ორგანიზების მზარდი ბიზნესიდან იღებს. Refinitiv კორპორაცია Thomson Reuters-ის შემადგენლობაში 2018 წლამდე იყო, როცა კერძო საინვესტიციო კომპანია Blackstone Group-მა მისი აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა. მიმდინარე წლის იანვარში Blackstone-მა და Thomson Reuters-მა Refinitiv გაყიდეს და მისი ახალი მფლობელი LSEG გახდა. Refinitiv-ს სააგენტო Reuters-თან ინფორმაციის მიწოდებაზე 30-წლიანი ხელშეკრულება აქვს დადებული. Refinitiv კონკურენციას უწევს Bloomberg-ს და სხვა სააგენტოებს, რომლებიც ბანკებსა და სხვა ფინანსურ დაწესებულებებს ინფორმაციებს აწვდიან. ხელშეკრულების თანახმად, ახალი ამბებისა და სარედაქციო კონტენტის სანაცვლოდ, Refinitiv 2048 წლამდე სააგენტო Reuters-ს ყოველწლიურად, სულ ცოტა, 336 მლნ დოლარს უხდის.

აპრილში Reuters-მა გაავრცელა განცხადება, რომ ფასიანი ვებ-გვერდის ყოველთვიური გადასახადი 34,99 დოლარი იქნებოდა. სააგენტოს მარკეტინგის დირექტორმა ჯოშ ლონდონმა ფასიან სერვისზე გადასვლას „ათწლეულების შემდეგ Reuters-ის უდიდესი ციფრული ტრასფორმაცია“ უწოდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ