„2021 წლის იანვარ-აპრილში წინა წელთან შედარებით საქართველოდან ევროკავშირში 38%-ით მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი განახორციელდა"

„პანდემიით გამოწვეული გლობალური პრობლემების მიუხედავად, ევროკავშირთან 2021 წლის 4 თვეში სავაჭრო ბრუნვა 6 პროცენტით გაიზარდა და 840 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ექსპორტის ზრდამ 2.9 პროცენტი შეადგინა, ამასთან, მხოლოდ აპრილში, ევროკავშირში ექსპორტი 29 პროცენტით გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი, რომელიც საანგარიშო პერიოდში 38 პროცენტით გაიზარდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის კონფერენციაზე - European Choice of the Georgian People - Challenges and Future Perspectives სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის მოადგილემ, ასევე ისაუბრა რეფორმებზე, რომელთაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ახორციელებს.

გენადი არველაძის თქმით, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის საკანონმდებლო - ნორმატიულ ბაზასთან დაახლოების მიმართულებით საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, კერძოდ, დაუახლოვდა DCFTA-ით (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) 2027 წლამდე გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ნახევარზე მეტს. ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების შედეგად ევროკავშირის ბაზარი კიდევ უფრო იხსნება ქართული პროდუქციისათვის. ბაზარი უკვე გაიხსნა ისეთი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის, როგორიცაა თევზი და თევზპროდუქტები, დამუშავებული ტყავი, მატყლი, თაფლი, რასაც 2020 წელს ასევე დაემატა ცხოველების საკვები. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირთან აკვაკულტურის პროდუქტების და დედა ფუტკრისთვის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით.

„ევროკავშირის ბაზარზე შესვლის გასამარტივებლად ვმუშაობთ იმისთვის, რომ იოლად ხელმისაწვდომი გავხადოთ სხვადასხვა სერვისები ექსპორტიორი კომპანიებისთვის. საქართველოს სტანდარტად სულ მიღებულია 18 000-ზე მეტი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტი. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა აკრედიტაციის ცენტრმა გამოცდების და დაკალიბრების; პროდუქტის სერტიფიკაციის; პერსონალის სერტიფიკაციის; ინსპექტირებისა და სამედიცინო ლაბორატორიების სფეროებში. ევროპული აღიარების შედეგად ადგილობრივი ლაბორატორიები უკვე გასცემენ საერთაშორისოდ აღიარებულ შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატებს, რაც ქართულ პროდუქციას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს ხდის საერთაშორისო ბაზრებზე,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძის თქმით, ქართული კომპანიების და პროდუქტების ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში ცნობადობის გაზრდის მიზნით, მთავრობა ორგანიზებას უწევს და აფინანსებს ქართული ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებში, სავაჭრო მისიებსა და კონფერენციებში. „2020 წლის განმავლობაში, ჩვენი მხარდაჭერით და ძალისხმევით, საქართველომ ევროკავშირში ჩატარებულ 10 საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა, მათ შორის საკვების, სასმელისა და ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიებმა, მონაწილეობა მიიღეს უდიდეს და მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებში,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილემ ჩამოთვალა ის მხარდაჭერის ინსტრუმენტები, რომელთაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმატებით იყენებს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის, ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოზიდვის და ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლისა და საქართველოში წარმოებული საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციის მიზნით.

„ამ კრიზისულ პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება და არსებული ფორმატების სრულყოფილი გამოყენებით ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტემპის აჩქარება“, - განაცხადა გენადი არველაძემ.