„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, 2020 წელს, მმართველმა პარტიამ რეკლამაზე 14,387,881 ლარი დახარჯა, რაც ყველა პარტიის სარეკლამო დანახარჯების 45% იყო. არასამთავრობო ორგანიზაციამ 8 პოლიტიკური პარტიების შემოსავლები, ხარჯები და ფინანსებზე ზედამხედველობის საკითხი შეისწავლა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარტიებმა ყველაზე დიდი ხარჯები შემდეგ კატეგორიებზე გასწიეს: რეკლამა, შრომის ანაზღაურება, უძრავი და მოძრავი ქონების იჯარა, ოფისის ხარჯები, ყრილობების თუ სხვა ღონისძიებების ორგანიზების ხარჯები, სანოტარო, საკონსულტაციო, თარჯიმნის მომსახურების ხარჯები.
„მმართველმა პარტიამ რეკლამაზე 14,387,881 ლარი დახარჯა, რაც ყველა პარტიის სარეკლამო დანახარჯების 45% იყო. 5,177,163 ლარით მეორე ადგილზე პარტია „ლელო საქართველოსთვის” იყო, ხოლო მესამეზე - ბლოკ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში” შემავალი პარტიები 4,453,857 ლარით. აღსანიშნავია, რომ წილობრივად ყველაზე მეტი - მთლიანი წლიური შემოსავლის 92% (211,633 ლარი) - რეკლამაზე პარტიამ „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები” დახარჯა, მეორეზე კი 76%-ით (2,473,162 ლარი) ბლოკ „სტრატეგია აღმაშენებელში” შემავალი პარტიები იყვნენ. შედარებისთვის, მმართველმა პარტიამ რეკლამაზე საკუთარი მთლიანი წლიური ხარჯების 48% გაწია.
წინა წლების მსგავსად, რეკლამის კატეგორიებს შორის ყველაზე დიდ თანხას პარტიები სატელევიზიო რეკლამაზე ხარჯავდნენ, მხოლოდ ერთ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ჰქონდა გარე რეკლამაში უფრო მეტი დახარჯული, ვიდრე სატელევიზიო რეკლამაზე. მმართველი პარტიის მიერ გარე რეკლამაში დახარჯული თანხები ამ ტიპის რეკლამაში სულ დახარჯულის 64%-ს (6,155,608 ლარი) შეადგენდა“,-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელთ არსებული უფლებამოსილებები არ არის საკმარისი პოლიტიკური კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე, მათ შორის შემომწირველებსა და პარტიებს შორის კორუფციული გარიგებებზე და უკანონო დაფინანსების სქემებზე ადეკვატური რეაგირებისთვის, სასურველია, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო.
მათი შეფასებით, ეს უწყება აღჭურვილი იქნება საგამოძიებო უფლებამოსილებებით და სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებსაც გაუწევს ზედამხედველობას.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფრო ეფექტიანად და ოპერატიულად უნდა რეაგირებდეს შესაბამის დარღვევებზე, მათ შორის იმ გამოვლენილ ხარვეზებზე, რომლებიც ამ ანგარიშში არის გამოკვეთილი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს პოლიტიკური პარტიების შესაძლებლობების გაძლიერებას ფინანსური ანგარიშგებების შევსების კუთხით და შეიმუშავოს უფრო დეტალური და ყოვლისმომცველი ინსტრუქციები ერთგვაროვანი პრაქტიკის დასამკვიდრებლად“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.