„საქართველოში ყოველი მე-4 ბავშვი მაინც არის სიღარიბის ზღვარს მიღმა“- ასე აფასებს კავკასიის უნივერსიტეტის დეკანი „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში 794 ათას ადამიანზე მეტი აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. მისივე თქმით, აუცილებელია ჩამოყალიბდეს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც სიღარიბის დაძლევისკენ იქნება მიმართული.
„სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები განსაკუთრებით არიან 0 დან 17 წლამდე ასაკის ჭრილში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მე-4 ბავშვი მაინც არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, რაც კატასტროფულია ჩვენთვის. ცხადია, ამ პრობლემიდან მარტივი გამოსავალი არ არსებობს. ქვეყანაში უნდა არსებობდეს სტრატეგია და პოლიტიკა, თუ როგორ უნდა დავძლიოთ სიღარიბე. ჩვენი ქვეყანა ზოგადად, ღარიბია, ამას სხვა სტატისტიკებიც მოწმობს, მაგალითად, ის, რომ საშუალო შემოსავალი ერთ მოსახლეზე 321 ლარია“, - აცხადებს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი.