,,ვინც ბიზნესს აკეთებს და ვისაც აქ (საქართველოში) ფულის ჩადება უნდა, ყველას თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს“ , - ასე აფასებს ,,ბეკოს“ გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი ,„ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს საინვესტიციო გარემოს.
მისი თქმით, ქვეყნის დასავლური კურსი, უცხოელი ინვესტორების ინტერესისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
,, დღეს, მთავარი პრობლემა როგორც ზოგადად, ისევე ინვესტორებისთვის პანდემიაა. ძალიან გაუჭირდათ უცხოელ ინვესტორებს, თუმცა არა მხოლოდ საქართველოში. პანდემიის დასრულებასთან ერთად, თუ პოლიტიკური ველიც დასტაბილურდა, ვფიქრობ, რომ უცხოელი ბიზნესმენებისთის საქართველო მიმზიდველი უნდა იყოს. კავკასიაში ეს არის ქვეყანა, რომლის კურსიც ევროპულია, აქედან გამომდინარე სამომავლო პერსპექტივა ცალსახად ნათელია.
თუმცა აქ არის ერთი პრობლემა, საქართველოში, ინვესტორებს შორის ფილტრი კეთდება, რომ ინგლისელი მინდა ირანელი არ მინდა... და ა.შ. რაც ცალსახად არასწორია, არასასურველია. ვინც ბიზნესს აკეთებს და ვისაც აქ ფულის ჩადება უნდა, ყველას თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა მელექმა.
კითხვაზე, აისახება თუ არა ნამახვანჰესთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები, ორი ქვეყნის საინვესტიციო ურთიერთობაზე (ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია არის თურქული), მელექი პასუხობს, რომ არა.
„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ პროტესტი ნამახვანის გარშემო სახელმწიფოსკენაა მიმართული და არა თურქი ინვესტორისკენ, ამიტომ ეს ორი ქვეყნის საინვესტიციო ურთიერთობაზე არ აისახება.
,გულახდილად რომ ვთქვა, თურქი მსხვილი ინვესტორების მიმართ, ნეგატივს მე ვერ ვგრძნობ. ორი მეზობელი ქვეყანა ვართ, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის მყარი ურთიერთობა და ნდობაა და არ მგონია, ეს რამემ შეაფერხოს. ნამახვანში სულ სხვა ფაქტორებზეა პროტესტი მე როგორც ვიცი. ბუნებაზეა საუბარი და იქაური მ ცხოვრებლების პროტესტია საქართველოს სახელმწიფოსთან“, - განაცხადა მელექმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.