ToBRFV ვირუსის გამო თურქეთში პომიდვრის წარმოება შესაძლოა, 3 წლით შეჩერდეს - რა რაოდენობის პროდუქტს ყიდულობს საქართველო

სამხრეთ თურქეთში, კერძოდ ანტალიაში ToBRFV ვირუსი თურქული პომივდვრის წარმოებას საფრთხეს უქმნის. როგორც East fruit-ი AgroBusiness-ზე დაყრდნობით წერს, დაავადება სწრაფად ვრცელდება პროდუქტის ნერგებში, შესაბამისად, პრობლემები, ნერგების მწარმოებლებსაც ექმნება.

ექსპერტების აზრით, თუ ქვეყანა საჭირო ზომებს არ მიიღებს, პომიდვრის წარმოება შესაძლოა, სამი წლის განმავლობაში შეჩერდეს.

დაავადება ToBRFV მოიხსენიება როგორც "ისრაელის ვირუსი", რადგან ის ისრაელიდან იმპორტირებულ პომიდვრის ნერგებში გვხვდება. აღნიშნული ვირუსი ნერგების ამოსვლამდე და ნაყოფის მიღებამდე შეუმჩნეველი რჩება. მოსავლის აღების პერიოდში კი, ნერგები მუქდება, ხოლო ნაყოფი შიგნიდან ლპება და ყავისფერი ხდება.

მწარმოებლები შიშობენ, რომ ამ დაავადებას უკვე შეუძლია კულტურის უმეტესობის დაინფიცირება, რადგან ის დამტვერვის შედეგად, ძალიან სწრაფად ვრცელდება. ფერმერებს კი თავდაცვის ძალიან მცირე რაოდენობის საშუალებებზე მიუწვდებათ ხელი. როგორც ცნობილია, დაავადებული მცენარე ჯერ უნდა მოიხსნას სათბურიდან და შემდეგ განადგურდეს, რათა ჯანმრთელ მცენარეებთან კონტაქტი არ მოხდეს. ამის შემდეგ კი, უნდა მოხდეს ნიადაგის დეზინფექცია სპეციალური პრეპარატებით. სათბურები, რომლებშიც დაავადება გამოვლინდა, მოთავსებულია 14 დღიან კარანტინში, ისინი ანადგურებენ პროდუქტს და ნიადაგს შესაბამისი პრეპარატებით ამუშავებენ.

აღსანიშნავია, რომ ანტალიაში წარმოებული ახალი ხილი და ბოსტნეული ექსპორტზე მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში გადის. აქედან მოხმარებული პროდუქტების უმეტეს ნაწილს კი პომიდორი წარმოადგენს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა რაოდენობის პომიდორს ყიდულობს საქართველო თურქეთისგან.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 4 თვეში (იანვარ-აპრილში) ჯამში 2,424 მლნ აშშ დოლარის (8,080 ტონა) პომიდორი შიიძინა. საიდანაც 90,1% თურქეთზე მოდის. კერძოდ, 2021 წელს საქართველომ თურქეთიდან 2,185 მლნ აშშ დოლარის (7,295 ტონა) პროდუქის იმპორტი განახორციელა.

რაც შეეხება 2020 წლის მთლიან მაჩვენებელს, საქართველომ 5,038 მლნ აშშ დოლარის (14,692 ტონა) პომიდორი იყიდა, საიდანაც 97,4% (4,908 აშშ დოლარის -14,312 ტონა) სწორედ თურქეთიდან იმპორტირებული იყო.

ნინი ქეთელაური