მართვის მოწმობის გამოცდას დღეიდან 3D ბილეთებით ჩააბარებენ

მართვის მოწმობის მსურველებს დღეიდან გამოცდის ჩაბარება ახალი, 3D ბილეთებით მოუწევთ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, ახალ ბილეთებში დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალური მხარე. გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რის საშუალებითაც მართვის მოწმობის მსურველს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და გაანალიზების საშუალება ეძლევა.

უწყების ინფორმაციით, ბილეთებში აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტომაგისტრალების, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ქუჩების ფოტო-ვიდეო მასალა. ელექტრონული ტესტირებისას მეტი თვალსაჩინოებისთვის შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან დანახვა.