არაბიკა ყავის ღირებულება 4-წლიან მაქსიმუმზეა, რძის ფასი კი რეკორდულ მაჩვენებელს უახლოდება

Trading Economics-ის მონაცემებით, ყავის სახეობა არაბიკას გლობალურმა ფასმა 4-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ამერიკულ ICE საფონდო ბირჟაზე ივლისის კონტრაქტის ფასი კილოგრამ არაბიკაზე 1,572 დოლარამდე ავიდა, რაც 2016 წლის ბოლოდან დღემდე მაქსიმალური დონეა. ბირჟაზე არაბიკა ყავის ფასი 1,55-დან 1,572 დოლარის დიაპაზონში იცვლება.

ფასების ზრდის მიზეზად ბრაზილიიდან მიწოდების შემცირებასა და კოლუმბიის ლოგისტიკურ პრობლემებს ასახელებენ. ყავის მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებში დამდგარი გვალვების გამო, მიმდინარე სეზონზე მოსავლის პროგნოზი გაფუჭდა, ხოლო მომავალი წლის რისკები გაიზარდა. გარდა ამისა, ანტისამთავრობო გამოსვლების დროს გზების გადაკეტვის შედეგად, კოლუმბიიდან ყავის ექსპორტი გართულდა. კოლუმბია არაბიკა ყავის მეორე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანაა.

Financial Times-ის მონაცემებით, მომავალ წელს რეკორდულ დონეს შესაძლოა, რძის ფასმაც მიაღწიოს. ამის მიზეზად გამოცემა ჩინეთში რძეზე მოთხოვნის მკვეთრ ზრდას ასახელებს. ახალი ზელანდიის რძის კომპანია Fonterra-ს პროგნოზით, 12 თვის პერიოდში, რომელიც 1-ლი ივნისიდან დაიწყება, კილოგრამი რძის მშრალი ნივთიერება 5,29-6,39 აშშ დოლარი ეღირება. ეს მაქსიმალურად მაღალი პროგნოზია, რაც კი კომპანიას ოდესმე გაუკეთებია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ