არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს.
აღნიშნულს პარტია „მოქალაქეების“ მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი გულისხმობს.
კერძოდ, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საჭიროა, გამკაცრდეს მიდგომები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის ნაწილში, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემას ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის.
კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, მიუხედავად მოქმედი სანქციებისა, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, კერძოდ კი 2021 წლის 1-ლი კვარტალის - წინაწარი მონაცემების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით 4 676 აღნიშნული სამართალდარღვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ცვლილებების თანახმად, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული სხვადასხვა დაღვევის შემთხვევაში შემდეგი სანქცია იქნება გამოყენებული:
- სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის, პასუხისმგებლობად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერება, ნაცვლად 6 თვისა;
- მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს, მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას, ნაცვლად მძღოლის დაჯარიმებისა 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდისა;
- მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა;
- სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა. ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1500 ლარისა;
- სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა;
- მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარისა;
გარდა ამისა, მკაცრდება მიდგომა მართვის უფლების აღდგენაზეც. კერძოდ, პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ პირს ავტომობილის მართვის უფლება შეუჩერდება სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის ან ამ დროს შემოწმებაზე თავის არიდების გამო, მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესაძლებლობა მიეცემა, სახდელის დადებიდან არაუადრეს 6 თვეში, ნაცვლად მოქმედი 3 თვისა. ხოლო, მართვის უფლების აღდგენის ერთ-ერთ წინაპირობად განისაზღვრება 2000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა, ნაცვლად დღეს არსებული 1 000 ლარისა.