აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს წარმოადგინა ბიუჯეტის წინადადებათა პაკეტი 2022 ფინანსური წლისთვის (დაიწყება 2021 წლის 1 ოქტომბერს), რომლის მოცულობა 6 ტრილიონი დოლარია. ეს არის ფედერალური ხელისუფლების ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მეორე მსოფლიო ომის დასრულები შემდეგ.
როგორც გაზეთი USA Today წერს, თუ 1946 წელს ქვეყნის დავალიანება მშპ-ს 106 პროცენტს აღწევდა, ამ ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში ვალი 2031 წლისთვის 117%-მდე გაიზრდება. ბიუჯეტის პროექტში არის კონგრესისადმი მოწოდება, რომ დაწიონ ფასები მედიკამენტებზე და გაზარდონ სამედიცინო დაზღვევის უზრუნველყოფა. ამერიკის ხელისუფლებაში ქვეყნის შეძლებული მოსახლეობისა და კორპორაციების 21%-დან 28%-მდე დაბეგვრის წინადადებებიც აქვთ.
„იზრდება ეკონომიკა, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, თუმცა, მუშაობა მხოლოდ ახლა დაიწყო. ქვეყანას უბრალოდ არ შეუძლია დაუბრუნდეს კრიზისამდე დონეს, თუ კვლავ იარსებებს უთანასწორობა და ძველი ეკონომიკის სტრუქტურული სიმყიფე,“ - ნათქვამია ადმინისტრაციის წერილში, რომელშიც ასევე გაწერილია ორი ისტორიული პროგრამა: ოჯახებისა და დასაქმების მხარდაჭერის გეგმა.
დასაქმების მხარდაჭერის პროგრამა მოიცავს ხარჯებს ინფრასტრუქტურის მოდერნიზების და სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით. ამ კუთხით, გათვალისწინებულია 2,3 ტრილიონი დოლარი. ოჯახების მხარდაჭერის პროგრამით კი, რომელიც მიმართულია განათლების სრულყოფისკენ და ბავშვიანი ოჯახების საგადასახადო წნეხის შემცირებისკენ, გათვალისწინებულია დამატებით 1,8 ტრილიონი დოლარი.