G7-მა დემოკრატიულ ქვეყნებს მსოფლიო ვაჭრობის სისტემის რეფორმირების მხარდაჭერისკენ მოუწოდა

დიდი შვიდეულის ჯგუფმა დემოკრატიულ ქვეყნებს მოუწოდა, მსოფლიო სავაჭრო სისტემის რეფორმას მხარი დაუჭირონ.

ამის შესახებ საუბარია, შვიდეულის ვაჭრობის მინისტრების კომუნიკეში, რომელიც დიდი ბრიტანეთის საგარეო ვაჭრობის სამინისტრომ გაავრცელა, რომელიც თავის მხრივ წელს შვიდეულის თავმჯდომარე ქვეყანაა.

„ჩვენ ვთანხმდებით რომ მსოფლიოს წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ მსგავსი ხედვები მრავალმხრივი სავაჭრო სისტემისადმი, რომლის რეფორმირებაც უნდა მოხდეს, იმისათვის რომ ის გახდეს თავისუფალი და ყველასთვის სამართლიანი, უფრო მდგრადი, ელასტიური და ადამიანების საჭიროებებს მორგებული. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მონდომებას მსო-ს მოდერნიზების საქმეში,“ - ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე საუბარია, რომ „ამ მიმართულებით შემდგომი კომუნიკაცია მოხდება დიდი ოცეულის ჩარჩოში და მსო-ს წევრი ქვეყნების უმეტესობის ჩართულობით, რათა მიღწეულ იქნას მნიშვნელოვანი პროგრესი და ხელშესახები შედეგები უკვე მე-12 მინისტერიალისთვის, რომელიც წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს“.

კომუნიკეში მხარეები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია დაიწყოს საუბარი უფრო მკაცრი მექანიზმების შემოღებაზე სამრეწველო სუბსიდიების მიმართულებით, რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგება საბაზრო მექანიზმებს და ასევე აღიკვეთოს სახელმწიფო საწარმოების ქმედებები, რომელიც მიმართულია სავაჭრო სისტემის დეფორმაციისკენ.

„ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას არასწორ პრაქტიკასთან, რომელიც აიძულებს კომპანიებს ტექნოლოგიების სახელმწიფოებისთვის ან კონკურენტებისთვის გადაცემას,“ - წერია დოკუმენტში.

„შვიდეულმა“ ასევე მხარი დაუჭირა ციფრული ბაზრების გამჭვირვალობის შენარჩუნებას, რომელიც ეწინააღმდეგება ციფრულ პროტექციონიზმს.

კოკა კვირკველია