როგორ გამოიყურება და რამდენ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს მსოფლიოში მზის ყველაზე დიდი ელექტროსადგური

არაბთა გაერთიანებული საამიროები ბოლო ათწლეულებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სახელმწიფოა, სადაც უამრავი ახალი ტექნოლოგია თუ გამოგონება ინერგება.

გაზისა და ნავთობის დიდი მარაგების მიუხედავად, ქვეყანაში ცდილობენ ისინი ეტაპობრივად განახლებადი რესურსებით ჩაანაცვლონ. ამის ერთ-ერთი მაგალითია მსოფლიოში მზის ყველაზე დიდი ელექტროსადგურის შექმნა, რომელსაც ჯერჯერობით ანალოგი არ აქვს.

მზის ენერგიის ყველაზე დიდ ელექტროსადგურის მუჰამედ-ბინ რაშიდ ალ-მახთოუმის მზის პარკი ეწოდება (MBR Solar Park) და ის დუბაისთან ახლოს უდაბნოში მდებარეობს.

Euronews-ის ინფორმაციით, ამჟამად ელექტროსადგური 44 კმ.კვ. ტერიტორიაზეა გაშლილი და ერთ საათში დაახლოებით 1 000 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც სრულიად საკმარისია 320 000 სახლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფისთვის.

solar-1622362688.jpg

სამომავლო გეგმები

MBR Solar Park-ის პროექტის პირველი ნაწილი 2013 წელს გაიხსნა და მას შემდეგ არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგოოებიექტია. ქვეყნის ხელისუფლება მომდევნო ათწლეულებში ელექტროსაგურის მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს და მისი ფართობი რამდენჯერმე გაიზრდება.

„მზის ინოვაციების ცენტრის“ დირექტორი აეშა აბდულა ალნუაიმი აცხადებს, რომ გაზი და ნავთობი ამოწურვადი ბუნებრივი რესურსებია, რომლებიც ქვეყანას ადრე თუ გვიან აღარ ექნება, ამიტომ საჭიროა ალტერნატილრი წყაროების შექმნა.

მისი თქმით, ბუნებრივი და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ქარისა და მზის ენერგიების გამოყენების უპირატესობა აქვთ.

Euronews-ის ინფორმაციით, მზის ელექტროსაგურის ცენტრში დაგეგმილია 260 მეტრი სიმაღლის მზის ენერგიის კოშკის (CSP) აშენება. კოშკი პანელებისგან მიღებული ელექტროენერგიის შეკრებასა და გარკვეული დროით შენახვას შეძლებს.

ele1-1622362730.jpg

ელექტროსაგურის მნიშვნელობა

2019 წლის მონაცემებით MBR Solar Park-მა ქვეყნის ელექტრომომარაგების მხოლოდ 3% დააკმაყოფილა. დროთა განმავლობაში ელექტროსადგურის მასშტაბი და გამომუშავებული ელექტროენერგია მნიშვნელოვნად გაიზრდება.

არაბთა გაერთიანებული საამიროების „2050 წლის ენერგეტიკული სტრატეგიის“ თანახმად, ნახშირორჟანგის გამოყოფა 70%-ით უნდა შემცირდეს. ამისათვის კი ტრადიციული საშუალებების განახლებადი რესურსებით ჩანაცვლებაა საჭირო.

eleq-1622362763.jpg

ბექა ბერიაშვილი