ტელეწამყვანმა და Матч ТВ-ის გენერალურმა პროდიუსერმა თინა კანდელაკმა გასულ წელს 258,55 მლნ რუბლი (3,533 მლნ დოლარი) გამოიმუშავა. ამის შესახებ სახელმწიფო კორპორაცია Ростех-ის თანამშრომლების ქონებისა და შემოსავლების დეკლარაციიდან გახდა ცნობილი. კანდელაკი Ростех-ის განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორ ვასილი ბროვკოს მეუღლეა და სწორედ მის ქონებრივ დეკლარაციაში იყო მითითებული თინა კანდელაკის შემოსავლებიც.
კანდელაკის შარშანდელი შემოსავლები, 2019 წელთან შედარებით, 100 მლნ რუბლით (1,369,386 მლნ დოლარით) გაიზარდა. 2019 წელს თინა კანდელაკის დეკლარირებული შემოსავალი 158,99 მლნ რუბლს (2,163,634 მლნ დოლარს) შეადგენდა. გასულ წელს მის საკუთრებაში 72,2 კვ.მ-ის ფართობის ახალი უძრავი ქონება გაჩნდა, რაც შენობა-ნაგებობის გრაფაშია მითითებული. მის საკუთრებაშია 312,8 კვ.მ-ის საცხოვრებელი ბინა, 18,1 და 17,2 კვ.მ-ის ორი ავტოფარეხი. ის, ასევე, ფლობს Ducati Monster 797 ბრენდის მოტოციკლს.
Forbes-სთან საუბრის დროს თინა კანდელაკი განმარტავს, რომ მისი შემოსავლები, ძირითადად, შედგება Матч ТВ-ის ხელფასისგან, დივიდენდებისგან, რომელსაც ბრენდ Ansaligy-ისა და „Школа Красоты“-ის კოსმეტიკურ ბიზნესში მონაწილეობით იღებს, აგრეთვე, სოციალური ქსელების სარეკლამო კამპანიებისგან და ფასიანი ქაღალდებისგან.
„2019 და 2020 წლების შემოსავლებს შორის არსებითი სხვაობა ფასიანი ქაღალდებისგან მიღებული დიდი შემოსავლით არის განპირობებული,“ - აცხადებს ტელეწამყვანი.
დეკლარიაციის თანახმად, თინა კანდელაკისა და მისი მეუღლის მთლიანი უძრავი ქონება რუსეთში მდებარეობს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ