კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე ამჟამად 108 856 მსურველია დარეგისტრირებული

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, დღეს, 10:30 საათის მდგომარეობით, 108 856 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეებს რეგისტრაციისას მაქსიმუმ სამი ვაქცინის არჩევის უფლება აქვთ.

მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 91 701-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს. „მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 37 695 ადამიანმა გამოთქვა. 25 682 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს. 20 976 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 11051 -ს კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას მისი გაკეთების სურვილი 7145-მა ადამიანმა გამოთქვა, 3490-ს კი „სინოვაკით“.

როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

„ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.