ისრაელმა რუსეთი და არგენტინა იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც, კორონავირუსის გავრცელების გამო, ისრაელის მოქალაქეებს გამგზავრება ეკრძალებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„2021 წლის 31 მაისიდან არგენტინა და რუსეთი შედიან იმ ქვეყნების სიაში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს. დადგენილი წესები ისრაელის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს მაქსიმალური რისკის ქვეყნებში გამგზავრებას უკრძალავს (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა) ”, - აცხადებენ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში.
მათი განმარტებით, არგენტინისა და რუსეთის ფედერაციის გარდა, "წითელ სიაში" უკვე არიან უკრაინა, ეთიოპია, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი, მექსიკა და თურქეთი.
"ამ ქვეყნებში გამგზავრების ნებართვას გასცემს მხოლოდ უფლებამოსილი კომისია. ყველა მგზავრი, მათ შორის ისინი, ვინც ვაქცინირებულები, ან კოვიდისგან განკურნებულები არიან, აღნიშნული ქვეყნებიდან დაბრუნების შემდეგ ვალდებულებია არიან, საკუთარ სახლში კარანტინი დადგენილი წესების შესაბამისად გაიარონ,“- აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, ბრძანება ძალაშია 2021 წლის 13 ივნისამდე და გაგრძელდება საჭიროებისამებრ, სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შესაბამისად.