მამუკა ხაზარაძე - თბილისის მოსახლეობამ ის სამშენებლო დეველოპერული კომპანიები უნდა იცოდნენ, რომელთაც ქალაქს გამოუსწორებელი ჭრილობა მიაყენეს

თბილისის მოსახლეობამ, საზოგადოებამ ის კონკრეტული სამშენებლო დეველოპერული კომპანიები და მათი დამფუძნებლები უნდა იცოდნენ, რომელთაც ქალაქს გამოუსწორებელი ჭრილობა მიაყენეს, - ამის შესახებ ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წარმომადგენელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქში დაგეგმილი სამშენებლო ამნისტიის საკანონმდებლო პაკეტი, პირველი მოსმენით განიხილეს.

როგორც ხაზარაძემ საკომიტეტო განხილვისას აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა ეპატიოთ მილიონობით ოდენობის ჯარიმა და რატომ უნდა მოეხსნათ პასუხისმგებლობა მშენებლებს, რომელთაც "აღვირახსნილი დეველოპმენტი აწარმოეს" და ქალაქს უდიდესი ზიანი მიაყენეს. ხაზარაძე ასევე დაინტერესდა, რა ჩამკეტი მექანიზმები იარსებებს, რომ მომავალში იგივე ადამიანებმა უკვე სხვა კომპანიების მეშვეობით ანალოგიურ დანაშაული არ ჩაიდინონ.

"თანაბრად ყველა დეველოპერს ის დანაშაული ეპატიება, რომლებმაც მიითვისეს თბილისის რეკრეაციული ზონები, კორპუსები უნებართვოდ ააშენეს, კვადრატული მეტრები უნებართვოდ მიიმატეს და უამრავი სხვა დანაშაული ჩაიდინეს. ამნისტია იმ ადამიანებს უნდა შეეხოს, რომელთაც მეტ-ნაკლებად ყოფა-ცხოვრება გაიუმჯობესეს, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოკვლეული იყოს იმ დეველოპერთა სია, რომელთაც ასეთი დანაშაული ჩაიდინეს და ჩვენს ქალაქს გამოუსწორებელი ჭრილობა მიაყენეს. ამნისტია შეიძლება შეეხოთ მათ, სადაც მსუბუქი დარღვევა და გადაცდომაა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაპატიოთ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქალაქი მოკლეს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, მშენებლობადამთავრებულ ობიექტებზე ე.წ. სამშენებლო ამნისტია ცხადდება, რითაც მათი ექსპლუატაციაში მიღება იქნება შესაძლებელი. როგორც დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე ითქვა, სადღეისოდ თბილისში 6 ათასი ობიექტია, რომელიც მერიას ექსპლუატაციაში მიღებული არა აქვს.

ამავე პაკეტის გათვალისწინებით, სამომავლოდ, ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგება დაუშვებელი იქნება.