დედამიწა კლიმატის ცვლილების ზღვარს 5 წელიწადში მიღწევს

მსოფლიოში ცნობილი კლიმატის ცვლილებისა და მეტეოროლოგიური ორგანიზაციების განცხადებით, ტემპერატურის მატება მსოფლიოში იმაზე უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი.

მეტეოროლოგიის მსოფლიო ცენტრი (WMO) ბოლო კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, იმის შანსი, რომ ჰაერის ტემპერატურა უახლოეს მომავალში 1.5 გრადუს ცელსიუსით მოიმატებს, 40%-ით გაიზარდა. ცენტრის მიხედვით, ტემპერატურის მატება დიდი ალბათობით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში მოხდება.

საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს გაეროს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელიც (IPCC). მათი მტკიცებით, 1.5 გრადუსით ტემპერატურის მატება მსოფლიოში კლიმატურ კატასტროფებს კიდევ უფრო გაახშირებს. ხანძრები, წყალდიდობები, გაუდაბნოება და რესურსების შემცირება უახლოეს მომავალში სულ უფრო პრობლემური გახდება და პლანეტას მილიარდობით დოლარის ზარალს მოუტანს.

მეტეოროლოგიის მსოფლიო ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის ზაფხული ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცხელი ზაფხული იყო. ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდთან შედარებით, 2020 წლის ზაფხულის ტემპერატურა საშუალოზე 1.2 გრადუს ცელსიუსით მაღალი იყო.

ორგანიზაციები მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს მოუწოდებენ, პარიზის კლიმატური შეთანხმების პირობები შეასრულონ და 2050 წლისთვის გარემოში ნახშირორჟანგის გამოყოფა მინიმუმამდე შეამცირონ, რათა ტემპერატურის მატება რაც შეიძლება ნაკლები იყოს.

მათი მტკიცებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, კაცობრიობას კლიმატის ცვლილება ბევრ პრობლემას შეუქმნის. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ გაუდაბურებული ტერიტორიები, გამქრალი ნოყიერი ნიადაგი, დატბორილი ქალაქები და სოფლები, სტიქიური უბედურებები და კლიმატური კატასტროფები მსოფლიოს ბევრად უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე ნახშირორჟანგის გამოყოფის ეტაპობრივი შემცირება.

ბექა ბერიაშვილი