ბერლინის ცენტრში, რაიხსტაგიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, გერმანელი კანონმდებლებისთვის ახალ შენობას აგებენ, რომლისთვისაც რკინა-ბეტონის ნაცვლად, მხოლოდ ხის მასალას იყენებენ. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. Luisenblock West-ის მოდულური ბლოკის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და მალე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში კლიმატის დაცვის სიმბოლოდ გადაიქცევა.
Luisenblock West-ის საოფისე შენობა ბუნდესტაგისთვის ან გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატისთვის იქნება განკუთვნილი. შენობის ძირითადი ნაწილი ცალკეული ხის მოდულებისგან შედგება და მისი დიზაინი ათასობით ტონა ნახშიროჟანგის შეკავებით ნახშირბადის კვალის შემცირებას შეუწყობს ხელს. ხის მოდულებს კოპენიკში, მდინარე შპრეის მოპირდაპირე სანაპიროზე, ბერლინის ყოფილ კომუნისტურ რაიონში აწყობენ, ხოლო მშენებლობის ადგილზე საღამოს გადააქვთ, როცა საგზაო მოძრაობა შემცირებულია. უკვე დაახლოებით 460 ხის მოდულია გადატანილი.
შენობა 7-სართულიანი იქნება და მისი ფასადი მრავალი ფერით შეიღებება. ის ყოფილი გერმანიის კედლის ერთ-ერთ მონაკვეთზე შენდება და ორად გაყოფილ გერმანიაში აღმოსავლეთიდან დასავლეთით გაქცევის დროს დაღუპული ადამიანების მემორიალურ ძეგლს ესაზღვრება. ის, აგრეთვე, Marie-Elisabeth-Lueders-Haus -ისა და Bundespressehaus -ს შორის მდებარეობს. პირველი სახლი მე-20 საუკუნის ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი პოლიტიკოსის სახელობისაა, მეორეში კი კვირაში სამჯერ მთავრობის პრესკონფერენციები იმართება.
ხის ნაგებობა ოფიციალურად წლის ბოლოსთვის უნდა ჩაბარდეს. მშენებარე კომპანია Primus-ის წარმომადგენლის, ახიმ ნაგელის თქმით, მშენებლობა 70 მლნ ევრო (86 მლნ დოლარი) ჯდება, პროექტი კი არქიტექტორ ზაურბრუხ ჰატონს ეკუთვნის. მისი მონაცემებით, შენობის ხის მასალა 2500 ტონა ნახშიროჟანგს შეაკავებს. ამასთან, დაირგვება იმდენი რაოდენობის ხე, რაც მის ასაშენებლად გამოიყენეს. ახალი ხეები ატმოსფეროდან დამატებით 2,500 ტონა CO2-ის გაწოვას განაპირობებს.
გერმანიისთვის ეკოლოგიური პროექტის შენობები სიახლე არაა: კროიცბერგის ტრენდულ რაიონში 98-მეტრიანი ხელოვნური ხის მასალით მრავალფუნქციური ნაგებობა შენდება. ეს მასალა ცნობილია, როგორც ჯვარედინი ლამინირებული ხე. ის მშენებლებს საშუალებას აძლევს, მაღალი შენობები გაცილებით ნაკლები რკინა-ბეტონით ააგონ, ვიდრე ცათამბჯენების ტრადიციულ მშნებლობაში იყენებენ. 29-სართულიანი WoHo-ს სახელწოდების შენობა, რომელიც ნორვეგიულმა კომპანია Mad Arkitekter-მა დააპროექტა, ევროპაში ყველაზე მაღალი ხის კონსტრუქცია იქნება, რომელშიც რკინა-ბეტონს მხოლოდ ბირთვისთვის და სარდაფებისთვის იყენებენ.
გერმანიის მშენებლობისა და რეგიონალური დაგეგმარების ფედერალურმა სამსახურმა (BBR), რომელიც სამთავრობო ობიექტებს ზედამხედველობს, Luisenblock-ის კონცეფცია მისი „სიმყარის და ეფექტიანობის,“ აგრეთვე, მშენებლობის მცირე ვადის გამო აირჩია. შენობის აშენება გერმანიის პარლამენტმა BBR-ს და შინაგან საქმეთა სამინისტროს გასული წლის დასაწყისში დაავალა, ოქტომბერში კი უკვე ფუნდამენტი ჩაიყარა. შენობას ბოლო მოდულები აგვისტოში უნდა დაადგან.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ