საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია EaPereg Network-ის თავმჯდომარე იქნება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2015 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელის (EaPereg Network) თავმჯდომარე იქნება.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელი (EaPereg Network) ექვს ქვეყანას - საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ბელორუსს, უკრაინას და მოლდოვას აერთიანებს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია EaPereg Network-ის თავმჯომარე ერთი წლის განმავლობაში იქნება, ხოლო ვიცე-თავმჯდომარეობის მოვალეობა, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, ევროგაერთიანების წევრ ქვეყანას ეკისრება - ამჯერად შვედეთის მარეგულირებელ ორგანოს.

ორგანიზაცია ავსტრიის ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოს (The Austrian Regulatory Authority for Broadcasting and Telecommunications - RTR) წინადადებით, 2012 წლის შემოდგომაზე მოლდოვაში, კიშინიოვში EaPereg Network-ის წესდებაზე ხელის მოწერით შეიქმნა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არჩევა თავმჯდომარედ 2014 წლის 11-12 დეკემბერის პრაღის პლენარულ სამიტზე მოხდა. სამიტს გარდა EaPereg Network-ის ქვეყნებისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის EBRD-ის, ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების BEREC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. მხარეები მომდევნო წელს სამუშაო გეგმაზე და განსახილველ საკითხებზე შეთანხმდნენ.

EaPereg Network ევროგაერთიანების დაფინანსებით, წევრ ქვეყნებს დახმარებას უწევს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს განვითარებაში. 2013-2014 წლებში სამუშაო შეხვედრები ჩატარდა შემდეგ თემებზე: ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის სხვადასხვა სეგმენტების ანალიზი; ხარჯთაღრიცხვის მეთოდოლოგია და მიდგომები; მობილური და ფიქსირებული ზარების დასრულების ტარიფები; უნივერსალური მომსახურების ვალდებულება; მომსახურების ხარისხი და მომხმარებელთა უფლებების დაცვა; საერთაშორისო და ეროვნული როუმინგი; ფართოზოლოვანი მომსახურება, NGN, NGA; ხარჯების და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვა და მარეგულირებელი აუდიტი; სიხშირეების მინიჭება, ციფრული დივიდენდი; საბითუმო და საცალო ბაზრების ბენჩმარკინგი, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გამოწვევები.