დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ივნისის შემდეგ პირბადის გამოყენება მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს სავალდებულო.
ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პირბადის გამოყენების ვალდებულება მოსახლეობას მაგალითად, ტრანსპორტის გაჩერებებზე და დიდ ქუჩებზე ექნებათ, სადაც ბევრი ადამიანი მოძრაობს.
“თუ ჩვენ მეზობლებს შევადარებთ, იქ ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე ჩვენთან შედარებით უკეთესია. მათ უფრო ადრე გადაიარეს ეს მესამე ტალღა. ვტოვებთ პირბადეების ტარების აუცილებლობას იმიტომ, რომ ჯერჯერობით ახალი შემთხვევების რაოდენობა არის ასეულების ფარგლებში. რადგან პირბადე გახლავთ ყველაზე უფრო იოლი და ყველაზე ძლიერი საშუალება ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკის, ამიტომ ჯერჯერობით მისი გამოყენების აუცილებლობას ვტოვებთ. ამაზე ბევრი დისკუსიაა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ჩვენ პირბადე არ უნდა მოვიხსნათ. თუმცა, არის საუბარი იმაზეც, რომ შეიძლება პირბადე იყოს სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებზე, როგორიც არის ავტობუსების გაჩერებები, დიდი სასეირნო ქუჩები, როგორიცაა თბილისში რუსთაველის გამზირი, ასევე ბათუმის ბულვარი და ა.შ. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ გარკვეული პერიოდი, მაგალითად, ივნისში პირბადე იყოს აუცილებელი ატრიბუტი ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.