მეორადი ტანსაცმლის შვედური ონლაინ-მაღაზია Sellpy, რომლის საკონტროლო პაკეტიც მოდის გიგანტ H&M-ს ეკუთვნის, გაყიდვებს ევროპის კიდევ 20 ქვეყანაში იწყებს.
ამის შესახებ კომპანიის დღევანდელ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სააგენტო Reuters ავრცელებს. Sellpy-ში აცხადებენ, რომ second-hand-ის პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება.
სტარტაპი გაყიდვის მთელ პროცესს მოიცავს, როგორც მყიდველების სახლებიდან საქონლის მიღებას, ისე პროდუქციის ფოტოგრაფირებას, გაყიდვასა და მყიდველთან მიტანის სერვისს. ონლაინ-მაღაზია პირველად 2014 წელს შვედეთში ჩაეშვა. ამჟამინდელი გაფართოებით მისი ბაზრების რაოდენობა 24-ს მიაღწევს. Sellpy-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ second-hand მოდის ინდუსტრიაში ბაზრის სწრაფად მზარდი სეგმენტია.
H&M-ის ჯგუფმა Sellpy-ში თავისი პირველი წილი 2015 წელს შეიძინა. ბევრ მაღაზიაში შენელებული შესყიდვების რამდენიმეწლიანი რთული პერიოდის შემდეგ, H&M-ში დამატებით შემოსავლის წყაროს იმედიანად უყურებენ. ჯგუფმა Sellpy-ში 20 მლნ ევროს (24,38 მლნ დოლარის) ინვესტიცია განახორციელა და კომპანიის 70%-ს ფლობს. თვის მხრივ, Sellpy-ში აცხადებენ, რომ H&M-თან თანამშრომლობა მოდის გიგანტს პოლონეთის საწყობში შესვლის საშუალებას აძლევს.
Sellpy-ის ყველა პლატფორმაზე 9 მილიონზე მეტი ტანსაცმელი გაიყიდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ