ჩინეთი 2-შვილიანობის შეზღუდვას 3-მდე ზრდის - ქვეყანაში შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობა შემცირდა

ჩინეთის მთავრობა მალე ყველა წყვილისთვის 2-ის ნაცვლად, 3 შვილის ყოლის უფლებას დააკანონებს. ამის შესახებ კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტ სი ცზინპინმა განაცხადა. ინფორმაცია ქვეყნის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო Xinhua-მ გაავრცელა.

პოლიტბიურომ, რომლის სხდომასაც სი ცზინპინი თავმჯდომარეობდა, გადაწყვიტა, რომ 2 შვილის ყოლაზე ამჟამინდელი შეზღუდვა შეემსუბუქებინა.

„ის, რომ ყოველ წყვილს 2-ზე მეტი ანუ 3 შვილის ყოლის უფლებას მივცემთ, მოსახლეობის სტრუქტურის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. ამას მხარდაჭერის შესაბამისი პოლიტიკის რეალიზაციაც უნდა მოყვეს,“ - განაცხადა სი ცზინპინმა. ჯერჯერობით, უცნობია, თუ როდის შევა ძალაში ეს კანონი, თუმცა პოლიტბიუროს სხდომაზე 2025 წლამდე გასატარებელ აუცილებელ ზომებზე ისაუბრეს.

სააგენტო Bloomberg-ის შეფასებით, მართალია, ეს შობადობის შემცირების გაცხადებული პოლიტიკის ფონზე მოულოდნელი ნაბიჯია, მაგრამ მოსახლეობის სწრაფი დაბერება ჩინეთის გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივის რისკებს ზრდის. ჩინეთი შობადობის მკაცრი პოლიტიკის რეფორმირებას თანდათან ეწევა. ათწლეულების განმავლობაში წყვილს ერთზე მეტი შვილის ყოლის უფლება არ ჰქონდა, ხოლო 2016 წლიდან 2-შვილიანობა დაკანონდა.

ზოგიერთმა სამთარობო ჩინოვნიკმა, ასევე, ჩინეთის ცენტრალური ბანკის მკვლევარებმა მთავრობას შობადობაზე შეზღუდვის საერთოდ გაუქმებისკენ მოუწოდეს. დებატები აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მაისის დასაწყისში ჩინეთის ეროვნული აღწერის შედეგები გამოქვეყნდა. აღწერის შედეგებმა აჩვენა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობა შემცირდა.

„პოლიტბიუროს გადაწყვეტილება, ალბათ, მოსახლეობის ბოლო აღწერის შედეგებმა განაპირობა. როგორც ჩანს, მთავრობას შეზღუდვის მთლიანად გასაუქმებლად დრო სჭირდება და ეტაპობრივი კორექტირებით ცდილობს, ცვლილებებზე საერთო ეროვნულ კონსენსუსს მიაღწიოს,“ - განუცხადა სააგენტო Bloomberg -ს ჩინეთისა და გლობალიზაციის ანალიტიკური ცენტრის დირექტორ ჰენრი ვანმა, რომელიც მთავრობასთან არის დაკავშირებული.

პოლიტბიუროზე ისიც განაცხადეს, რომ მთავრობა საპენსიო ასაკს ეტაპობრივად გაზრდის. ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე დაბალი საპენსიო ასაკის მქონე ქვეყანაა, რისი რეფორმირებაც პოლიტბიურომ გასულ წელსაც გამოაცხადა.

ჩინეთის მოსახლეობა ამჟამად 1,41 მილიარდ ადამიანს შეადგენს.ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, გასულ პანდემიურ წელს ჩინეთში 12 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მონაცემები დემოგრაფ ჰე იაფუმ შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ