ლონდონის რაგბის სტადიონზე ერთ დღეში 15 000 ადამიანს აცრიან - დიდი ბრიტანეთი ინდურ შტამს ებრძვის

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები ლონდონის რაგბის სტადიონზე, რომელიც ტვიკენჰემში მდებარეობს, ერთ დღეში 15 000 ადამიანის აცრას გეგმავენ. ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს. მასშტაბური ვაქცინაცია კორონავირუსის ინდურ შტამთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარდება, რადგან დიდ ბრიტანეთში დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან უმრავლესობა ინდური შტამის ვირუსია. რამდენიმეკვირიანი კლების შემდეგ ქვეყანაში კვლავ ინფექციის შემთხვევების მატება შეინიშნება.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ინდური შტამი ბრიტანულზე უფრო გადამდებია, მაგრამ მათ წინააღმდეგ ახალი ვაქცინები ეფექტიანია. ისინი მოუწოდებენ მთავრობას, 21 ივნისიდან, როცა სოციალური დისტანცირებისა და სხვა შეზღუდვების მოხსნაა დაგეგმილი, შეზღუდვები არ შეამსუბუქოს.

ბრიტანეთის უფროსი ასაკის მოსახლეობის სამ მეოთხედს ვაქცინის ერთი დოზა უკვე მიღებული აქვს, თითქმის ნახევარი კი მთლიანად ვაქცინირებულია. ინდური შტამის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ ბოლტონში დაფიქსირდა. ბოლტონის მთავრობის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ „გადაუდებელი ვაქცინაციის“ კამპანიისა და ჩატარებული მასიური ტესტირების შედეგად ინფექციის შემთხვევების რაოდენობამ კლება დაიწყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ