გვესმის ხოლმე მოსაზრება, რომ რამდენადაც „ელ გრინი“ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტიორია, ამიტომ ადგილობრივი გენერაციის განვითარება ჩვენ ხელს არ გვაძლევს, რადგან საჭირო აღარ იქნება ელექტროენერგიის იმპორტი და ჩვენი შემოსავალიც შემცირდება. ეს ძირშივე არასწორი მოსაზრებაა , - ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, „ელ გრინისთვის“, როგორც ტრანსასაზღვრო ვაჭრობით დაკავებული კომპანიისთვის, საქართველოში იმპორტი არ არის საქმიანობის მთავარი მიმართულება.
„მუდამ ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ „ელ გრინის“ ძირითადი მიმართულება აზერბაიჯანული ელექტროენერგიის იმპორტია მესამე ქვეყნებში, მათ შორი, თურქეთში და ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნების ბაზრებზე.
შესაბამისად, საქართველოს ენერგოსისტემის განვითარებით „ელ გრინი“ საციცოცხლოდაა დაინტერესებული, რამდენადაც იგივე აზერბაიჯანული ენერგიის ტრანზიტი, ხომ ცხადია, რომ საქართველოს გავლით ხორციელდება. ხომ ისიც ცხადია, რომ ტრანსასაზღვრო ვაჭრობით დაკავებული კომპანია დაინტერესებულია, რაც შეიძლება განვითარებული და მდგრადი იყოს იმ ქვეყნების ენერგესისტემები, სადაც ვაჭრობას ახორციელებს“, - განაცხადა ნოღაიდელმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს ამოცანაა, ელექტროენერგიაზე საკუთარი მზარდი მოხმარება გენერაციის საკუთარი წყაროებით დააბალანსოს.
„საქართველოს სჭირდება ეკონომიკის სწრაფი განვითარება, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საქართველო როგორც ჰაბი, მათ შორის, როგორც ენერგეტიკული და ენერგოტარნზიტული ჰაბი. უნდა გამოვიყენოთ ჩვენი უპირატესობები, რომ ყველა ჩვენს მეზობელთან ენერგიის გაცვლის შესაძლებლობა კიდევ უფრო მოცულობითი და მდგრადი იყოს. „ელ გრინისთვის“, როგორც კომერციული კომპანიისთვის, პირდაპირი ინტერესია, რომ საქართველოში ყველა ტიპის გენერაცია განვითარდეს, მათ შორის, პირველ რიგში, მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ნოღაიდელმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.