ბაზარს რესტორნების 20% ვეღარ დაუბრუნდება. როგორც რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, გაკოტრებული ბიზნესის ფართები უკვე სხვა ობიექტებს აქვს დაკავებული.
თუმცა, შოთა ბურჯანაძის თქმით, რეგულაციის შემსუბუქების წყალობით დარჩენილი 80% ამუშავდება.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან რესტორნები მომხმარებელთა მიღებას როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში შაბათ-კვირასაც შეძლებენ.
„ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, რა თქმა უნდა, დადებითად შეიძლება შეფასდეს, არა მარტო სფეროსთვის, არამედ ეკონომიკისთვის. ჩამოსული სტუმარი თუ ადგილობრივი მომხმარებელი მიიღებს იმაზე მეტ სერვისს, ვიდრე იყო მანამდე. თუმცა, ამ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, შორს ვართ იმ რეალობისგან, რაც 219 წელს გვქონდა, რა დროსაც 3 მლრდ აშშ დოლარი იყო ტურიზმიდან შემოსავალი, 8% იყო ეკონომიკის და რეალურად, 9,5 მლნ ტურისტი გვყავდა. ეს ციფრები ძალიან შორს არის დღევანდელი სიტუაციიდან.
სამწუხაროდ, რესტორნების დიდი ნაწილი ვერ გადარჩა და ვინც გადარჩა, მხოლოდ მათთვის არის ახალი შესაძლებლობა, თითქოს, ახლიდან დაიბადა ეს ბიზნესი. ამ გადაწყვეტილებით შესაძლოა, ისარგებლოს რესტორნების 80%-მა. თუმცა საბანკეტო დარბაზებისთვის, რომლებიც მხოლოდ ივენთებს მასპინძლობენ, ეს შეღავათი ვერ იქნება ხელშესახები. შესაბამისად, მათი დიდი ნაწილი ჯერჯერობით ოპერირებას ვერ აგრძელებს.
რაც შეეხება რესტორნების დარჩენილ 20%-ს, ისინი ვეღარ დაბრუნდებიან ბაზარზე, რადგან ეს არის გაკოტრებული ბიზნესი. ფართები დაკარგეს. მათ ადგილზე დღეს ჩვენ ვხედავთ სასურსათო მაღაზიას, აფთიაქს, ან სხვა რაიმე დაწესებულებას“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.