საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გადასახადებისთვის თავის არიდების ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გადასახადებისთვის თავის არიდების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელი, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რითაც დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას თავს არიდებდა.

მათი ინფორმაციით, საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 194 886 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 129 854 ლარის ოდენობით.

„ტარდება შესაბამისი ღონისძიებები კომპანიაზე რიცხული ქონების დაყადაღების და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, მიყენებული ზიანის ბიუჯეტის სასარგებლოდ იძულების წესით ამოღების მიზნით.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.