ოფთალმოლოგი და მედიცინის დოქტორი ოლეგ გოლოვაჩოვი 70 წლის გახდა

ოფთალმოქირურგს, მედიცინის დოქტორსა და ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელს, ოლეგ გოლოვაჩოვს 1 ივნისს 70 წელი შეუსრულდა. ოლეგ გოლოვაჩოვი, ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში, რომელიც ამჟამად „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს, 1974 წლიდან მუშაობს და მას 47 წლიანი გამოცდილება აქვს ოფთალმოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში.

პროფესიული საქმიანობის ფარგლებში, მას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ სამედიცინო კონფერენციაში. არის 72 სამეცნიერო ნაშრომის, 4 მონოგრაფიისა და 3 პატენტის ავტორი. მისი სპეციალიზაცია მოიცავს ზოგად ოფთალმოლოგიას, გლაუკომას, რეფრაქციულ ქირურგიას, კატარაქტის ფაკოემულსიფიკაციასა და ლაზერულ ქირურგიას (ARGON, YAG LASER).

მისი პროფესიული დამსახურებების თუ პიროვნული მახასიათებლების გამო, ოლეგ გოლოვაჩოვი უდიდესი პატივისცემით სარგებლობს სამედიცინო სფეროში. პროფესიული საქმიანობის მანძილზე უდიდესი პროფესიონალიზმით, გულისხმიერებითა და მზრუნველობით მკურნალობს პაციენტებს. ოლეგ გოლოვაჩოვი არის ისეთი ასოციაციებისა თუ ორგანიზაციების წევრი, როგორიც არის „მსოფლიო გლაუკომატოლოგთა ასოციაცია (WGA)“ და „ევროპის გლაუკომის ასოციაცია“. ასევე, იგი არის „შავი ზღვის ქვეყნების ოფთალმოლოგთა ასოციაციის“ დამფუძნებელი და „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ თავმჯდომარე.

„ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს“ თვალის დაავადებათა მკურნალობის საუკუნოვანი გამოცდილება გააჩნია და ქვეყნის მასშტაბით ლიდერია გლაუკომის, კატარაქტის, ბადურის ქირურგიის, სიელმეების, თვალის ონკო-ქირურგიის და სხვა ოფთალმოლოგიური ჩარევების მიმართულებით. „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.

(R)