თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს აღდგენა-მშენებლობაზე სატენდერო პროცედურები დასრულებულია და უახლოეს მომავალში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ მან ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშზე ისაუბრა.
ირაკლი ხმალაძის თქმით, სამშენებლო სამუშაოები 22 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია საბაგირო დერეფნები, რომელიც გენერალური გეგმით დადგინდა. ეს არის სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგირო დერეფანი 2,5 კმ სიგრძით და ისანი-მეტრომშენი-ვაზისუბნის საბაგირო დერეფანი 3 კმ სიგრძით. ორივე დერეფნის მეშვეობით დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება 48 000 ადამიანის მგზავრობა. პროექტის განხორციელებას დედაქალაქის მერია საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით უზრუნველყოფს.
ასევე, მნიშვნელოვანია მთაწმინდის და რუსთაველის დამაკავშირებელი საბაგიროს აღდგენა. ამ პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია, დასრულებულია სატენდერო პროცედურები. ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში ხელს უშლიდა ამის გადაწყვეტას, უკვე დახურულია. ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, რომელიც 22 თვის განმავლობაში დასრულდება“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.