ჰაკერების მორიგი მსხვერპლი მსოფლიოს უმსხვილესი ხორცის მიმწოდებელი კომპანია JBS SA გახდა. Bloomberg-ის შეფასებით, ჰაკერულმა თავდასხმამ გლობალური სასურსათო უსაფრთხოება კოვიდპანდემიის შემდეგ მეორეჯერ დაარღვია.
JBS-მა ჩრდილოამერიკასა და ავსტრალიაში თავისი კომპიუტერული ქსელი გათიშა. კვირას ჰაკერებმა კომპანიის ზოგიერთ სერვერზე ორგანიზებული შეტევა მიიტანეს. ამის შესახებ JBS-მა განცხადება ელექტრონული ფოსტით გაავრცელა, რომელშიც თავის ქარხნებში მიმდინარე ოპერაციების დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა შენიშნავს, რომ ინციდენტმა შესაძლოა, მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან გარკვეული ტრანზაქციები შეაფერხოს.
ჰაკერული თავდასხმის შედეგად კომპანია ორ ცვლაში ვეღარ მუშაობს, ხოლო კანადის ერთ-ერთი უმსხვილესი ხორცის გადამამუშავებელი ქარხანა მთლიანად გაჩერდა. ავსტრალიაში საქონლისა და ცხვრის სასაკლაოებმა მუშაობა შეწყვიტეს. ამის შესახებ დარგის ვებგვერდი Beef Central იუწყება, ხოლო პროფკავშირმა Facebook-ზე დაწერა, რომ აშშ-ს სასაკლაოებისა და ფაბრიკაციების მუშაობაში ცვლა გაუქმდა.
JBS-ზე შეტევამდე სულ რაღაც სამი კვირით ადრე ჰაკერები აშშ-ში მილსადენის უმსხვილეს ოპერატორ კომპანია Colonial Pipeline-ს დაესხნენ თავს, როცა კომპიუტერული ქსელი „მძევლად აიყვანეს“ და ციფრულ ვალუტაში მილიონობით დოლარის გამოსასყიდი წარმატებით მიიღეს.
United Food and Commercial Workers Canada Union-ის წარმომადგენელი სკოტ პეინი აცხადებს, რომ კანადის ქალაქ ბრუქსში მდებარე საქონლის ხორცის მწარმოებელი ქარხანა ქვეყნის ეკონომიკური სიმძლავრის მეოთხედს წარმოადგენს და დღეში 4200 მსხვილფეხა პირუტყვის ხორცს გადაამუშავებს. ორშაბათიდან ქარხანა გაჩერებულია. აშშ-ს კოლორადოს შტატში ქალაქ გრილის JBS-ს ქარხანაში, სადაც 3000 კაცი მუშაობს, A და B ცვლა გაუქმდა.
სან-პაულოში დაფუძნებული კომპანია JBS-ს წარმოება 20 ქვეყანაში აქვს გახსნილი. კომპანიის მონაცემებით, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაზე შემოსავლების 4% მოდის, აშშ-ზე - 50%, კანადაზე კი - 3%. კომპანიას ასევე, წარმომადგენლობა აქვს გახსნილი სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში.
„თუკი JBS-ის ქარხნები ერთ კვირაზე მეტხანს იქნება გაჩერებული, მსოფლიო მასშტაბით მიწოდების ჯაჭვში სერიოზულ დარღვევებს წავაწყდებით,“ - აცხადებს Thomas Elder Markets-ის სასაქონლო ბაზრების ანალიზის მენეჯერი მეთ დალგლეიში.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ