დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებისთვის ღია სივრცეებში პირბადის ტარების შესახებ რეკომენდაციებს შეიმუშავებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცენტრი მოქალაქეებისთვის ღია სივრცეებში პირბადის გონივრული ტარების შესახებ რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ აღნიშნა.

„სოფელში, ტყეში თუ მარტო ხართ, არავინ მოგთხოვთ იქ პირბადის გაკეთებას, მაგრამ თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც მასობრივი შეკრებაა, რა თქმა უნდა, იქ პირბადე უნდა გამოიყენოთ. სანაპიროზე თუ ბანაობთ, არავინ მოგთხოვთ პირბადეს, მაგრამ ბულვარში თუ დადიხართ ბათუმსა ან ქობულეთში, სადაც ბევრი ხალხია თქვენს გვერდით, რა თქმა უნდა, პრიბადე უნდა გეკეთოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.