თბილისის მერი მეტროსადგურებში დაწყებული რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურების მიზეზებს განმარტავს.
როგორც კახა კალაძე ამბობს, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ სარეაბილიტაციო პროცესის დროს ბაქანის პრობლემა გამოიკვეთა და მუშაობის გასაგრძელებლად მერია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნას ელოდება.
რაც შეეხება ვარკეთილის მეტროსადგურს, კალაძის თქმით, რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.
„მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია დაწყებულია, მაგრამ მუშაობის პროცესში შეიქმნა ბაქანის პრობლემა, რომელიც ამორტიზირებულია და ველოდებით დასკვნას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, თუ არის მისი რეაბილიტაცია შესაძლებელი. თუ მოგვცემენ უფლებას რეაბილიტაცია წარიმართოს, ჩატარდება რეაბილიტაცია, თუ არადა, მოგვიწევს ახლის გაკეთება. აქ საუბარია ადამიანებზე, შესაბამისად, უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. მეტრო არის მიმართულება, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, რომ არ მოგვივიდეს ის, რაც მოხდა ვარკეთილის მეტროში. მადლობა ღმერთს, გადავრჩით და ადამიანები არ დაიღუპნენ. პრობლემები მივიღეთ იმიტომ, რომ არ იყო შესაბამისი უსაფრთხოება განსაზღვრული. რაც შეეხება ვარკეთილის მეტროს, დიზაინი შეთანხმებულია როგორი უნდა იყოს, მიმდინარეობს კონკრეტულ პროექტზე საუბარი, რომ არ მივიღოთ ისეთი შედეგი, რაც ადრე მოხდა. რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა დღეს ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით 2018-2021 წლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გამართა.