„ეკონომიკის ასეთი ზრდა კოვიდ გამოცანაა“ - ირაკლი კოვზანაძე

„ეკონომიკის ასეთი ზრდა კოვიდ გამოცანაა“ - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ რადიო „პალიტრისა და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

კოვზანაძის თქმით, ამ მასშტაბის ზრდა უპრეცედენტოა და ერთგვარი კოვიდ გამოცანაა, რასაც ბევრი ანალიზი დასჭირდება.

,,ასეთი უპრეცენდენტო ზრდა არასოდეს გვქონია და ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. იმედი მაქვს, რომ ეს ზრდა გაგრძელდება, ცხადია ასეთი მასშტაბი ვერ ექნება, თუმცა ტენდენციის სახეს იმედია, შეინარჩუნებს. ეს არის შეკუმშული ეკონომიკის გახსნის ე.წ. ზამბარის პრინციპი და კომულატიური ეფექტი.

ეკონომიკის ასეთი ზრდა კოვიდ გამოცანაა. ასეთი გამოცანები ალბათ, კიდევ ბევრი იქნება ამ პოსტ კრიზისულ პერიოდში. გუშინ რაც მოხდა, ეკონომიკური სიურპრიზია. ამ მოვლენას ზომიერი ოპტიმიზმით ვუყურებ. გუშინ, ეს იყო პირველადი მონაცემი და არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული კორექტირებები მოხდეს, თუმცა არ ვთვლი, რომ რიცხვები მნიშვნელოვნად შემცირდება. ფაქტია, პროცესი გაჯანსაღებისკენ მიდის და სექტორალურად თუ ჩავშლით ამას დავინახავთ. ემიტენსები (გადმორიცხვები) გაზრდილია, ექსპორტი გაზრდილია, ტურიზმი იზრდება. ახლა მთავარია, რომ ეკონომიკა აჩვენებს პოტენციალს რომ სწრაფი აღდგენა შეუძლია“- განაცხადა კოვზანაძემ.

მისი თქმით, ტურიზმის აღდგენა დაწყებულია, თუმცა ეს ვერ მოხდება სწრაფი ტემპით.

,,ტურიზმის აღდგენა მოხდება, მაგრამ არა ისეთი მასშტაბით როგორც წარმოგვიდგენია. 2019 წლის მონაცემებს როდის დავუბრუნდებით ჯერჯერობით ამ პროგნოზისგან თავს შევიკავებ. თქვენ იცით, რომ დღეს არის პირველი დღე როცა სახმელეთო საზღვარი გაიხსნა და რა თქმა უნდა, ეს დააჩქარებს პროცესს“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ ,,საქმეში“.

ცნობისთვის, გუშინ საქსტატმა 2021 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკის მოცულობა წინა წლის აპრილთან შედარებით 44.8%-ით გაიზარდა.

თამარ მუკბანიანი