საფრანგეთის მთავრობა კომპანიებს 3 მილიარდი ევროთი დაეხმარება

საფრანგეთის მთავრობა საშუალო და მსხვილი კომპანიებისთვის 3 მილიარდი ევროს (3,67 მლრდ დოლარის) მხარდაჭერის ფონდს ქმნის. ამის შესახებ დღეს ქვეყნის ფინანსთა მინისტრ ბრუნო ლე მერმა განაცხადა. ფონდის მიზანია, სესხებით ან სააქციო კაპიტალში ინექციით დაეხმაროს ფირმებს, რომლებიც პანდემიამდე სიცოცხლისუნარიანი იყვნენ, დღეს კი დაძაბული ბალანსი აქვთ.

„მიზანი ის კი არაა, რომ აქციონერების განზავება მოვახდინოთ, რაც სახელმწიფოს ფუნქცია არაა, არამედ ის, რომ ფრანგული კომპანიების ძირითად აქციონერებად ვიქცეთ. კომპანიები კრიზისული მდგომარეობიდან უნდა გამოვიყვანოთ და ფეხზე დავაყენოთ,“ - აცხადებს ლე მერი.

ფინანსური მხარდაჭერის ფონდი ახალი ზომების ნაწილია, რომლებიც მცირე ფირმების დავალიანების სწრაფი რესტრუქტურიზაციისკენ არის მიმართული. ამასთან, კომპანიებს საგადასახადო დავალიანებისა და სახელფასო შენატანების დასაფარად უფრო მეტ დროს შესთავაზებენ.

გასულ წელს ფრანგული კომპანიების დავალიანება 230 მლრდ ევროთი გაიზარდა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ზე მეტია. ისინი მასიურად იღებდნენ სახელმწიფო სესხებს, რათა კრიზისის დროს ფინანსური კოლაფსი არ დაეშვათ. ამდენად, ფინანსთა სამინისტროს სურს, გაკოტრებების ტალღა თავიდან აიცილოს. ის საგადასახადო და სახელფასო მონაცემთა ალგორითმს გამოიყენებს, რათა მყიფე ფირმები გამოავლინოს და მათ დაუკავშირდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ