კომუნიკაციების კომისიის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ტელეკომ ოპერატორების მიერ მიღებული ჯამური შემოსავალი 1,153 მლნ ლარი იყო, 2019 წელს კი ჯამური შემოსავლები 1,185 მლნ ლარს შეადგენდა. 2020 წელს ტელეკომ ოპერატორებმა გასულ წელთან შედარებით 32 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი მიიღეს.
ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საცალო მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 961 მლნ ლარი შეადგინა. საცალო შემოსავლებში როგორც ფიქსირებული ინტერნეტი, ისე მობილური, როუმინგული, ფიქსირებული სატელეფონო და მაუწყებლობის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლები შედის.
კომისიის ცნობით, მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 2020 წელს 490 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2019 წელს მიღებულ საცალო შემოსავალზე 9 მლნ ლარით ნაკლებია.
„რაც შეეხება ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულ საცალო შემოსავალს, ეს მონაცემი 2020 წელს, წინა წელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა და 277 მლნ ლარი შეადგინა, რაც პანდემიის პირობებში მომხმარებლების მიერ სერვისების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ განაპირობა.
ტელეკომ კომპანიებმა კლება განიცადეს როუმინგიდან მიღებულ შემოსავლებშიც, რაც ასევე პანდემიით იყო გამოწვეული. 2020 წელს კომპანიებმა როუმინგიდან 8.7 მილიონი ლარი მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 35 მლნ ლარით ნაკლებია.
2020 წელს კლება დაფიქსირდა ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებაშიც, კერძოდ, 2020 წელს კომპანიებმა 30.2 მლნ ლარი მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 5.3 მლნ ლარით ნაკლებია,“-აღნიშნულია ანგარიშში.