გერმანიაში საბაზისო შემოსავლის შესწავლის ექსპერიმენტი დაიწყო. ექსპერიმენტის მონაწილეები 3-წლიანი კვლევის პერიოდში ყოველთვიურად 1 200 ევროს მიიღებენ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
კონკურსში, დაახლოებით, 2 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 122 კანდიდატი შეარჩიეს. სოციალური ექსპერიმენტის მიზანი უპირობო ძირითადი შემოსავლის შედეგების შესწავლაა. აუცილებელი არ იყო, რომ მონაწილეები სოციალურად დაუცველი ფენიდან ყოფილიყვნენ. ექსპერიმენტის პერიოდში მათ შეუძლიათ, ნებისმიერ რეჟიმში იმუშაონ ან საერთოდ არ იმუშაონ. ერთადერთი ვალდებულება, რაც მათ ექნებათ, ნახევარ წელიწადში ერთხელ ონლაინ-კითხვარის შევსებაა. მონაწილეები ლატარიის პრინციპით შეარჩიეს.
ექსპერიმენტის სახსრები შემოწირულობებით შეგროვდა: 150 000 კერძო დონორმა ამ მიზნით 5,2 მლნ ევრო შეაგროვა. აქცია „ჩემი საბაზისო შემოსავლის“ ორგანიზატორი ბერლინის ამავე სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაციაა. ინიციატორები დარწმუნებული არიან, რომ მოქალაქეებზე უპირობო საბაზისო შემოსავლის გაცემა ბევრ სოციალურ პრობლემას მოაგვარებს. მათი მტკიცებით, ადამიანები ასეთი შემოსავლით უფრო თავისუფლად, კრეატიულად და რაც მთავარია, ბედნიერად იცხოვრებდნენ.
„ჩვენ შევამოწმებთ, რითი დაკავდებიან ადამიანები, თუკი მათ 3 წლის განმავლობაში მატერიალურ სტაბილურობას შევუქმნით: გაფლანგავენ ამ თანხას თუ შავი დღისთვის გადაინახავენ; სამსახურში ჩვეული რეჟიმით ივლიან თუ შემცირებული გრაფიკით იმუშავებენ; გახდებიან თუ არა უფრო სოციალურად გაცნობიერებული მოქალაქეები და განახორციელებენ თუ არა უფრო მეტ შემოწირულობებს,“ - აცხადებს გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელი და კვლევის ხელმძღვანელი იურგენ შუპე.
სოციალური ასპექტების გარდა, ჯანმრთელობის საკითხსაც გამოიკვლევენ. მაგალითად, თმის ნიმუშების გამოყენებით სტრესის ფაქტორის ცვლილებების განსაზღვრა იქნება შესაძლებელი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ