კანიონინგი უჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი, ახალი მარშრუტები - აჭარა ტურისტებს სიახლეებს სთავაზობს

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი იწყება. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, კერძოდ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რეგიონს ტურისტები უკვე სტუმრობენ უკრაიანიდან, ისრაელიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, საუდის არაბეთიდან და თურქეთიდან, საიდანაც ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისები ხორციელდება.

„დღეიდან, ქვეყანაში იხსნება სახმელეთო საზღვრები და რეგიონში ვიზიტორები სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიც გავლითაც შემოვლენ.

აჭარაში არსებული ტურისტული ობიექტი, სასტუმროები და კვების ობიექტები აგრძელებენ კოვიდრეგულაციებისა და სტანდარტების დანერგვას. დღეიდან, სტუმრებისთვის ოფიციალურად გაიხსნა რეგიონში მოქმედი ოთხივე ეროვნული პარკი და დაცული ტერიტორია, კვების ობიექტები კი სტუმრების მასპინძლობას დახურულ სივრცეში შაბათ-კვირასაც შეძლებენ.

წელს, ზღვაზე დასვენებასთან ერთად ახალ ტურისტულ ადგილებსა და პროდუქტებს შესთავაზებს რეგიონი სტუმრებს. მათ შორის იქნება კანიონინგი უჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი ქედა-შუახევში, ახალი საპიკნიკე ადგილები ჩირუხში, კაპნისთავსა და სოფელ შუამთაში. გარდა ამისა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ახალ ტურისტულ ბილიკებზე იმოგზაურონ ღორჯომის ხეობაში, ჭვანა-კინტრიშის ხეობასა და კაპნისთავში.

მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე - 577 909093, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პორტალზე https://visitajara.com/ka/routes შეუძლიათ“, - ნათქვამია უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.