უაღრესად მნიშვნელოვანი და პოსტ-კოვიდური ეკონომიკის აღდგენისთვის გარდამტეხი მაჩვენებელი, რომელიც ბიზნესის საინვესტიციო აქტივობისთვის უმნიშვნელოვანესი პარამეტრის, ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის, - ასე ეხმიანებიან საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 44,8% შეადგინა.
როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება რეალურად გვაძლევს იმის იმედს, რომ პოსტ-კოვიდურ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა უფრო სწრაფად მოხდება ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა.
„ამას გარდა, დადებითი ტენდენციების ფონზე უნდა ვივარაუდოთ, რომ უკანასკნელ პერიოდში დაწყებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გამყარება არა დროებით, ხანმოკლე ცვალებადობას, არამედ კონკრეტული მიზეზებით გამოწვეულ ტენდენციას წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, ეკონომიკის შემდგომი გახსნის პარალელურად, დამატებით გახდება ბიზნესის გაზრდილი აქტივობის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული მიზეზი“, - ნათქვამია ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აღნიშნავს, გაუმჯობესებული ვითარების შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების, ბიზნესოპერატორებისა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, რადგანაც, მათივე განმარტებით, დაჩქარებული ვაქცინაცია და შესაბამისი ნორმების დაცვა უნდა გახდეს ეკონომიკის შემობრუნების, ლარის კურსის გამყარებისა და ეკონომიკის შემდგომი ზრდის აუცილებელი გარანტი.