პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად დედაქალაქის მერია ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებსაც დაეხმარება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 70-მდე ობიექტს დაეხმარება, რისთვისაც 350 ათასი ლარი დაიხარჯება.
„ბავშვთა დაბადების დღის ცენტრები ამ პანდემიის დროს ყველაზე ადრე დაიხურნენ და მუშაობა 1 წლის შემდეგ დაიწყეს. გვინდა მათაც აღმოვუჩინოთ ფინანსური დახმარება და დავეხმაროთ 5000-5000 ლარით. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ბიზნეს სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არ არის ლიკვიდირებული. მაქსიმალურად ექნებათ თანადგომა და მხარდაჭრა.
განცხადების მიღება დაიწყება 2 ივნისიდან და 10 ივნისამდე გაგრძელდება. პროგრამაში მონაწილეობის და ფინანსური დახმარების მისაღებად ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისის მერიაში უნდა შემოიტანონ განცხადება.
ასევე, თბილისის მერიის ვებგვერდზე იქნება მითითებული ყველანაირი დეტალი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დახმარებას მიიღებს 70-მდე ობიექტი, დაახლოებით 350 ათასი ლარი დაიხარჯება ამ მიმართულებით“,-აღნიშნავს კახა კალაძე.