კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ქმედებები დროული და ადეკვატური იყო, როგორც პანდემიამდე, ასევე პანდემიის დროს

ეროვნული ბანკის ქმედებები დროული და ადეკვატური იყო, როგორც პანდემიამდე, ასევე პანდემიის დროს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შექმნას, საშუალოვადიან პერიოდში ფასებისა და ფინანსური სექტორის სტაბილურობის მხარდაჭერით.

„2020 წელსაც ეროვნული ბანკის დროულმა ქმედებებმა და გატარებულმა პოლიტიკამ, არსებული უპრეცედენტო შოკის ფონზე, ეკონომიკაზე პანდემიის უარყოფითი გავლენის შერბილებაში არსებითი როლი ითამაშა. პანდემიის პირობებში ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ადეკვატური, დროის შესაბამისი პოლიტიკის გატარება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დონორებთან მოლაპარაკებების პროცესში, რომლის შედეგადაც ქვეყანამ უმოკლეს ვადებში მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარების მობილიზება შეძლო.

კოვიდპანდემიის გამო შექმნილი ვითარება განსაკუთრებით რთული და არაორდინარულია. ეკონომიკის აღდგენა და მდგომარეობის ნორმალიზება მეტწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ვადებში იქნება შესაძლებელი პანდემიის დაძლევა საქართველოში და გლობალურად. მაკროეკონომიკურად ძალზე რთული 2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ქმედებები დროული და ადეკვატური იყო, როგორც პანდემიამდე, ასევე პანდემიის დროს. ამას არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაც ადასტურებს - სარეიტინგო სააგენტოები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიისა განვითარების ბანკი, ევროპისა და რეკონსტრუქციის ბანკი და სხვა. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი საუკეთესო პრაქტიკადაა აღიარებული.

ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შექმნას, საშუალოვადიან პერიოდში ფასებისა და ფინანსური სექტორის სტაბილურობის მხარდაჭერით. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის საუკეთესო პრაქტიკად არის აღიარებული. ინფლაციის თარგეთირებაზე ეროვნული ბანკი 2009 წლიდან გადავიდა. მას შემდეგ (2009-2020 წლებში) საქართველოში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 3.7 პროცენტია. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმამდე, 1996-2008 წლებში, ინფლაცია საშუალოდ 10.2 პროცენტი იყო. საქართველოში ისევე, როგორც ღია ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნებში, გარდაუვალია ეგზოგენური (მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი) შოკები, რომელთა გავლენითაც, შესაძლებელია, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადაიხაროს. მონეტარული პოლიტიკა მოთხოვნაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია. სწორედ ამიტომ, ცენტრალური ბანკები, ძირითადად, მოთხოვნის შოკებზე რეაგირებენ, რადგან მიწოდების შოკებზე რეაგირება ეკონომიკისთვის დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ეკონომიკური ზრდის მერყეობას და, გრძელვადიან პერიოდში, დასაქმების შემცირებას გამოიწვევს“, - განაცხადა გვენეტაძემ.