პანდემიის შედეგად, მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი პრაქტიკულად გაჩერდა, რის გამოც, ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები, საქართველოს ჩათვლით, განსაკუთრებით დაზარალდნენ, -ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, გლობალური ტურიზმის ფაქტობრივად გაჩერების ფონზე, საგარეო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაზარდა და ლარის ეფექტური კურსი მკვეთრად გააუფასურა, რაც ფასებზეც აისახა.
„შედეგად, 2020 წელს ინფლაციის მაჩვენებელმა პიკს - 6.9 პროცენტს, აპრილში მიაღწია. მაღალი დოლარიზაციის გამო, კურსის გაუფასურებამ არაჰეჯირებული მწარმოებლების სესხის მომსახურების ხარჯებიც გაზარდა. გარდა ამისა, მკვეთრად იმატა ვირუსის გავრცელების ტემპმა, რასაც დამატებითი შეზღუდვები და, შედეგად, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი მიწოდების ფაქტორების შენარჩუნება მოჰყვა. 2020 წლის დეკემბერში ინფლაცია საგრძნობლად, 2.4 პროცენტამდე შემცირდა, რაც, ძირითადად, მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით იყო გამოწვეული. 2020 წლის განმავლობაში ინფლაციამ, საშუალოდ, 5.2 პროცენტი შეადგინა. მონეტარული პოლიტიკის შესაძლო შემდგომი გამკაცრება ინფლაციის მოლოდინებსა და მასზე მოქმედი ფაქტორების დინამიკაზეა დამოკიდებული. მიმდინარე პროგნოზით, ინფლაცია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება და, სხვა თანაბარ პირობებში, მომავალი წლის განმავლობაში მიზნობრივი მაჩვენებლისკენ იმოძრავებს, რასაც, მათ შორის, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შეუწყობს ხელს. თუმცა ხაზი უნდა გავუსვათ, რომ პროგნოზის სიზუსტე დამოკიდებულია გაურკვევლობაზე, რომელიც ამ ეტაპზე ორივე მიმართულებით კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. 2020 წელს საბანკო სისტემა პანდემიას მომზადებული შეხვდა“, - განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს საბანკო სისტემა 2020 წლის ბოლოსათვის ბაზელ III-ზე დაფუძნებული კაპიტალის ადეკვატურობის ჩარჩოს ფარგლებში, COVID-19-თან დაკავშირებული საზედამხედველო ღონისძიებების გათვალისწინებით, კვლავაც კაპიტალის ადეკვატურ დონეს ინარჩუნებდა.
„COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი საზედამხედველო ღონისძიებები გაატარა. ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს[1]. სისტემური რისკების გამოვლენის, შეფასებისა და მონიტორინგის გზით, ეროვნული ბანკი, ამ რისკების შემცირებისთვის, საპასუხო პოლიტიკას ატარებს, რითაც ფინანსური სისტემის მდგრადობის ზრდას უწყობს ხელს. გასულ პერიოდებში ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის დაწესებულმა მოთხოვნებმა და კომერციული ბანკების მიერ მიღებულმა მოგებამ ბანკებს COVID-19-ისგან მომდინარე სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად კაპიტალის საკმარისი ბუფერების დაგროვების საშუალება მისცა. ასევე, 2020 წელს საბანკო სისტემა პანდემიას აქტივების მდგრადი ხარისხით შეხვდა, რასაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციამ და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი მაკროპრუდენციული ზომების გატარებამ შეუწყო ხელი. გასულ წლებში ლიკვიდობის გადაფარვისა (LCR) და წმინდა სტაბილური დაფინანსების (NSFR) კოეფიციენტების დაწესებამ ბანკების დაფინანსების წყაროების მდგრადობა და ლიკვიდობის ბუფერის სოლიდურობა განაპირობა. დამატებით, 2020 წელს, იმისათვის, რომ პანდემიის შედეგად დაზარალებული მსესხებლების ფინანსებზე ხელმისაწვდომობა არ შეზღუდულიყო და მათი ლიკვიდობის მოკლევადიანი გამოწვევები გადახდისუნარიანობის გრძელვადიან პრობლემებში არ გადაზრდილიყო, ეროვნულმა ბანკმა ლარის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტები გააფართოვა, ხოლო, შემუშავებული საზედამხედველო გეგმის ფარგლებში, ბანკების კაპიტალის ბუფერების ნაწილი გამოთავისუფლდა. აღნიშნული ღონისძიებები თანხვედრაშია Covid-19 შოკის საპასუხოდ სხვა ცენტრალური ბანკების მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან და ისტორიული შოკების გამოცდილებით, დღეს უკვე აუცილებელ ანტიკრიზისულ ზომებად მიიჩნევა. პანდემიის შედეგად, უმოქმედო სესხების წილი გაიზარდა, თუმცა კომერციულმა ბანკებმა შესაძლო დანაკარგებისთვის რეზერვები წინმსწრებად შექმნეს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, ფინანსური სისტემა პანდემიას მდგრადი მდგომარეობით შეხვდა და საკმარისი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ეკონომიკის დაკრედიტება შეუფერხებლად გააგრძელოს. 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი გამოაქვეყნა.
2020 წლის განმავლობაში, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ბანკი საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწისა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოების მიმართულებით აქტიურ მუშაობას განაგრძობდა. 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტში ეროვნული ბანკის ხედვა, მიზნები, საზედამხედველო პრინციპები და ფასეულობები, სტრატეგიული საზედამხედველო პრიორიტეტები და რეფორმების გეგმაა ასახული, შესაბამისი ვადების მითითებით. სტრატეგიის მიზანი ფინანსური სექტორისათვის, ინვესტორებისათვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისათვის, სარეიტინგო სააგენტოებისთვის, მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტებზე, გეგმებზე და სამომავლო ღონისძიებებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობაა“, -განაცხადა გვენეტაძემ.